ღარიბაშვილის გაპრემიერების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი შესაძლოა პრობლემური გახდეს – “სამოქალაქო იდეის” მიმართვა პრემიერობის კანდიდატსა და პარლამენტს

„რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს ღარიბაშვილი კომპანია CEFC-სთან დაკავშირებით, რომელიც რუსულ-ჩინური ინტერესების გამტარებელია“ – ამ თემასთაბ დაკავშირებით ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”, რომლის თავმჯდომარეა თინათინ ხიდაშელი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს, საზოგადოებას და თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მიმართავს.

„ცნობილია, რომ ბატონი ღარიბაშვილი 2015 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ჩინური სახელმწიფო კომპანია CEFC მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი იყო. აღნიშნული კომპანია, მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით გამორჩეული იყო კორუფციის, სხვადასხვა ტიპის მაქინაციების, უმაღლესი თანამდებობის პირების მოქრთამვისა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებით, კომპანიის მაღალი თანამდებობის პირების დიდი ნაწილის მიმართ, დღესაც მიმდინარეობს გამოძიება.

საქართველო დღეს იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და მათ შორის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ხაზი, სწორედ საქართველოში ჩინურ-რუსულ ინტერსებზე გადის. დღემდე კომპანია CEFC საკუთრებაში რჩება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩინური კომპანია გაკოტრებულია, ვალდებულებები არ შეუსრულებია და კრედიტორების გასტუმრების პროცესში იმყოფება, დღემდე საქართველოს ხელისუფლებას საკუთრების დაბრუნების პროცესი არ დაუწყია. პრობლემა კი ყოველდღიურად იზრდება, ვინაიდან ფოთის სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფო ბანკის საკუთრება შეიძლება გახდეს გახდება. იმ ბანკის, რომლის წინაშეც უზარმაზარი დავალიანება აქვს ჩინურ კომპანიას.

მივმართავთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს: განმარტოს თუ რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს იგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით – მისი ყოფილი დამსაქმებელი და დღეს უკვე გაკოტრებული, სისხლის სამართლის მრავლობით დანაშაულში მხილებული კომპანიის მიერ, საქართველოში არსებული საკუთრებების სახელმწიფოსთვის დაბრუნების თვალსაზრისით?

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს. ეს საკითხი უკვე იყო პრობლემური ბატონი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს და ახლა უკვე, განსაკუთრებული პრობლემა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი ხდება მისი შესაძლო პრემიერობის პირობებში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისარიშვილი – ქოცებო! დაძაბეთ თავში დარჩენილი კოვზით ამოსაფხეკი ტვინები
შემდეგი სტატიასარჯველაძე – არ მგონია, რიგგარეშე არჩევნების წინაპირობა არსებობდეს