ღარიბაშვილი: ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა რესურსი, ბერკეტი იქნა გამოყენებული

ყველას გვიხარია ჩვენი ზაზას გათავისუფლება. მთელი ერი ხარობს, მთელი მოსახლეობა არის ძალიან გახარებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახელაძის ოჯახში ყოფნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა რესურსი, ბერკეტი იქნა გამოყენებული.

„მთელი მოსახლეობა ერთი წლის განმავლობაში გულშემატკივრობდა ზაზას, ძალიან მიხარია, რომ ეს დღე დადგა. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ. ყველა რესურსი, ბერკეტი იქნა გამოყენებული პრაქტიკულად ყველა დონზე. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესის მონაწილე ვარ. ბევრ ვერსიას მოისმენთ, მაგრამ ყველას გთხოვთ, რომ ვერსიებს აღარ მოუსმინოთ, ჩვენ შევხედოთ შედეგს. შედეგია, რომ ზაზა გახელაძე არის თავისუფალი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაისში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებდა ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, საკითხი დაყენებული იყო მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან. ზაზა გახელაძის საკითხი არაერთხელ დაისვა ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. ამასთან, ივნისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილით მიმართა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის შუამდგომლობა სთხოვა.

banner
წინა სტატიაშიზაზა გახელაძე: ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა