ღარიბაშვილი – ვინც კანონის აღსრულებას შეეწინააღმდეგება, კანონის და სახელმწიფოს სახელით ვაცხადებ, უკლებლივ ყველა შევა ციხეში

ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო, ვის შეხვდა სააკაშვილი, ორ თუ სამ ადამიანს ევროპარლამენტში, რომელიც არის მისი ლობისტი; მოსახლეობას, მით უმეტეს, არჩევნების წინ, უნდა ვესაუბროთ ჩვენს გეგმებზე, განვითარების ხედვაზე და უამრავი პრობლემა აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, რაც უნდა იყოს მთავარი სამსჯელო და საფიქრალი და არა სააკაშვილის ჩამოსვლა თუ არჩამოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაძლოა, უკეთესიც იყოს მისი ჩამოსვლა, რათა ქვეყანამ დაისვენოს.

„შეიძლება, ათჯერ უკეთესიც იყოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ჩვენმა ქვეყანამ და მანაც დაისვენოს ციხეში ჩასმით. თუმცა, მე ერთ ძალიან კონკრეტულ ფაქტს ვეტყვი მოსახლეობას, რადგან ეს ვიცი დარწმუნებით. როცა იგი ჩასვეს ციხეში უკრაინაში, სულ რაღაც 24 საათს ვერ გაძლო ციხის საკანში. ჩემმა უკრაინელმა მეგობრებმა და კოლეგებმა მითხრეს, შეეშინდათ კიდეც, რომ არ გაგიჟებულიყო, რადგან 24 საათის განმავლობაში მან ვერ შეძლო ციხის საკანში ყოფნა და იმავე დღეს მიმართა პრეზიდენტ პოროშენკოს შეწყალების თხოვნით. ასეთ კაცთან გვაქვს ჩვენ საქმე. შეგახსენებთ, როგორი სიმხდალე გამოიჩინა მან თუნდაც ომის დროს. ზოგადად, ასეთი ფსიქიკის ადამიანის ქცევაზე დიდი დრო არ უნდა დავხარჯოთ. მინდა, მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველა სცენარისთვის ვართ მზად. ნებისმიერი სცენარისთვის, რაც მის თავში და მისი კრიმინალური გუნდის თავში მოიხარშოს, სახელმწიფო არის მზად. ამ არასერიოზული კაცის დღეს ვის სჯერა. პიკის დროს, როცა კრიზისია, მაქსიმუმ 5 ათასი კაცის გამოყვანა შეუძლიათ ამ ადამიანებს. ვერც ერთი ადამიანი კანონის აღსრულებას წინ ვერ აღუდგება. ვინც კანონის აღსრულებას შეეწინააღმდეგება, კანონის და სახელმწიფოს სახელით ვაცხადებ, უკლებლივ ყველა შევა ციხეში და ძალიან დიდი ხნით. ეს არ იქნება სახუმარო თემა. როცა სახელმწიფოს სტაბილურობას, მოსახლეობის სიმშვიდეს და სტაბილურობას და ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და სტაბილურობას ეხება საქმე, არც ერთი კომპრომისი არ იქნება დაშვებული სახელმწიფოს მხრიდან. ამას პირადად გიდასტურებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ბოლო კვლევებით ჩვენ გვაქვს 49%-ზე მეტი, არავითარი საფუძველი არ გვაქვს, თეორიულადაც კი განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნები