ღარიბაშვილი – უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ახირებებზე

დავრწმუნდით, რომ მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე. დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას აწუხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დროის დახარჯვა აღარ სურს.

„კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც არ ყოფილა. ეს ბუნებრივია, რადგან ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება, მთელი მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს, შესაბამისად, შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. თუმცა, ცივილიზებული სამყაროს საზოგადოებისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია არ ცდილობს, გამოვიდეს ამ ჩიხიდან, სადაც ნებაყოფლობით, თუმცა სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა. დავრწმუნდით, რომ მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე. დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას აწუხებს. ჩვენ მასშტაბურ პროექტებს წარმოვადგენთ უახლოეს რამდენიმე კვირაში, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმოდგენილი იყო მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, მმართველ გუნდს ჰქონდა შემხვედრი პოზიცია ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ ნაბიჯების გადასადგმელად.

„ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება რა სურდა. სთხოვდა მედიატორს დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანას და მოლაპარაკების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული. ამას ადასტურებენ ოპოზიციის შედარებით ზომიერი წარმომადგენლებიც. ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი სინამდვილეში თავად რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდაზე დაკრძალავენ
შემდეგი სტატიაპრემიერი – პოზნერის და მისი თანმხლები პირების მიერ რეგულაციების დარღვევა მიუღებელია