ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროსთვის ბიუჯეტის გაზრდაზე – მე გიდასტურებთ, რომ ბიუჯეტის გაზრდაზე ვმუშაობთ აქტიურად

მე გიდასტურებთ, რომ ბიუჯეტის გაზრდაზე ვმუშაობთ აქტიურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთვის ბიუჯეტის გაზრდას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, თავდაცვის სამინისტრო მუშაობს ისეთ პროექტებზე, რომ გრძელვადიანი გადახდის პირობებით მოხდეს მნიშვნელოვანი შეიარაღების სისტემების შესყიდვა.

„ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და ფიქრი. გარდა იმისა, რომ 2% არის გარანტირებული დაფინანსება, ამის ზევით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო მეტი დაემატოს ჯარს.

ამას გარდა, თავად სამინისტრო მუშაობს ისეთ პროექტებზე, რომ გრძელვადიანი გადახდის პირობებით მოხდეს მნიშვნელოვანი შეიარაღების სისტემების შესყიდვა, რომელიც არ დააწვება ბიუჯეტს იმავე წელს და რამდენიმე წლის განმავლობაში მოუწევს სამინისტროს გადახდა. ეს აპრობირებული მეთოდი გვაქვს უკვე ჩვენ, დავნერგეთ ჩემი მინისტრობის დროს, მაშინ, როდესაც შევიძინეთ 500 ერთეული თანამედროვე ტექნიკა და შეიარაღების მიმართულებით, ასევე, ახლა ბატონი ჯუანშერი მუშაობს აქტიურად, ერთობლივი საწარმოების პროექტზე, დელტას ბაზაზე. გაისად ჩვენ გვექნება ადგილზე წარმოებული დრონი, სამხედრო დრონები. ჯამში ვაპირებთ 1 000 დრონის წარმოებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ავტომატების წარმოებაზე და სხვა უფრო მნიშვნელოვანი, სერიოზული შეიარაღების შესყიდვაზე, მათ შორის ისრაელიდან“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემას ეხებოდა.

„მე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩვენ განვაახლეთ, პრაქტიკულად, კომპანია „რაფაელთან“ ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს, უკვე წლის ბოლომდე, საჰაერო თავდაცვის სისტემების და სარაკეტო სისტემების სრულ განახლებას და თანამედროვე ტიპის რაკეტების შემოტანას. ამას გარდა, უკვე მე-2 დონის საჰაერო თავდაცვაზე მიდის აქტიური მუშაობა, ბატონი ჯუანშერი არის აქტიურად ჩართული. სწორედ ამ 10 წლიანი განვითარების გეგმაში არის გაწერილი აღნიშნული საკითხი, რომ ძლიერი საჰაერო თავდაცვა ჰქონდეს ქვეყანას მომდევნო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი სტატუს შეჩერებულ სტუდენტებზე – ჩვენ ახლა გავამზადებთ იმ სტუდენტების სიას, ვისაც ესაჭიროება დახმარება ჩვენი მხრიდან და ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჯამში, დაახლოებით, 4 მლნ. ვაქცინა გვექნება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი მოსახლეობის 60% იყოს სრულად აცრილი, წლის ბოლომდე