ღარიბაშვილი – სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო

ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა. მინდა, რომ დღევანდელი დღე, განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით მივულოცო ჩვენს პატრიარქს, სვეტიცხოვლობა მივულოცოთ ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს, წმინდა სინოდს, პატიოსან მღვდლებს, დედებს, მამებს, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.

მთავრობის მეთაურის თქმით, სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო.

„სვეტიცხოვლობა, ჩვენთვის, ქართველებისთვის, არის განსაკუთრებული დღე და ეს წმინდა ადგილი, ასევე არის გამორჩეულად წმინდა ადგილი. სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო და სწორედ მეუფე შიომ თავის ქადაგებაში საოცარი სიტყვები თქვა და ახსნა, თუ რამ მოიყვანა დღევანდელობამდე ქართველი ერი, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ ქართველი ერი გადაარჩინა სარწმუნოებამ და დედა ეკლესიამ. ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი გამოირჩევა სწორედ უნიკალური ერთგულებით უფლისადმი, ჩვენი სარწმუნოებისადმი, ეკლესიისადმი.
ბუნებრივია, ძალიან ბევრი განსაცდელი გამოიარა ჩვენმა ხალხმა და დღესაც გავდივართ ძალიან ბევრ განსაცდელს, მაგრამ უფლის რწმენით და უფლის დახმარებით, ყველა განსაცდელს დავძლევთ და ქვეყანა გავა სამშვიდობოს. დღეს ქვეყანას სჭირდება, ჩვენო ძვირფასო საზოგადოებავ, მეტი ერთიანობა, მეტი სიყვარული, მეტი სიმშვიდე. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ბოლო დროს და ჩვენ გვჯერა, გვაქვს მომავლის ღრმა რწმენა და იმედი იმის, რომ საქართველო გაერთიანდება, ჩვენი ერი გაერთიანდება და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი – გეტყვით ხუმრობით, მე გუშინ უკვე გადავდექი
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი – მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი, მოვუწოდე და თქვენც მოგიწოდებთ ყველას, შეწყვიტოთ სიძულვილის ენით ლაპარაკი