ღარიბაშვილი სააკაშვილზე: მან ჯერ თავი დაამახსოვრა მსოფლიოს „ჰალსტუხების“ ჭამით, შემდეგ ვნახეთ მიწაზე გართხმული

გუშინ ერთ-ერთი მორიგი პროვოკაციული, ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლა ვიხილე მასხარა სააკაშვილის, რომელიც გამოდის და ჩვენს ღირსეულ, ამაყ ჯარს მოუწოდებს. მისგან არაფერი გვიკვირს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ მისი მორიგი პროვოკაციული გამოსვლა, საუბრობს ჯარზე, რომ „ქართულ ოცნებას“ თურმე როგორი დამოკიდებულება აქვს ჯარის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მისი თავდაცვის მინისტრობისას განხორციელებულ პროექტებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

„მე მერგო პატივი და ვიყავი თავდაცვის მინისტრი. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რაც ჩვენ გავაკეთეთ და დავიწყეთ სამუშაოები ბოლო ერთ წელში, არ გაკეთებულა მრავალი ათეული წელი – ყველა ბაზის თანამედროვედ მოწყობა ევროპული, ნატო-ს სტანდარტების მიხედვით; აღჭურვა, შეიარაღება, წვრთნები და ყველა მიმართულებით გვქონდა არნახული პროგრესი. სააკაშვილის დროს, კარგად გახსოვთ როგორ ექცეოდნენ ჯარს. თავად ეს ლაჩარი კაცი, რომელიც კარგად ვნახეთ, ომში როგორ მოიქცა. ჯერ თავი დაამახსოვრა მთელს მსოფლიოს „ჰალსტუხების“ ჭამით და შემდეგ ვნახეთ კარგად მიწაზე გართხმული, მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები თავს სწირავდნენ სამშობლოს დასაცავად. დღეს, ისევ ეს ადამიანი გამოდის და ძალადობს ჩვენს მოსახლეობაზე, იმუქრება რაღაც პროვოკაციების მოწყობით და ა.შ. ვერ შეარყიეს სახელმწიფო. ბოლო 9 წელია, იბრძვიან ჩვენი სახელმწიფოს დასანგრევად, მაგრამ ვერ შეარყიეს. ყველა, შვიდ არჩევნებში ვიმარჯვებთ და ვიმარჯვებთ ღირსეულად, დამაჯერებლად და ახლა ცდილობენ, გარკვეული მანიპულაციებით, თავიანთი ბინძური ხელწერით დესტაბილიზაციის, შფოთვის შემოტანას, საზოგადოების დაძაბვას და ამ ფსიქოლოგიური ომის მასშტაბების გაზრდას“, – განაცხადა პრემიერმა.

წინა სტატიაშითურნავა – „მსოფლო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურება ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია
შემდეგი სტატიადაპირსპირება ჭყონდიდის ეპარქიაში (ვიდეო)