ღარიბაშვილი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის განსავითარებლად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

განათლების მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს. დღემდე აშენდა 174 ახალი სკოლა, ხოლო სრულად რეაბილიტირდა 257 საჯარო სკოლა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ წელს აშენდა 64 და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამდენივე სკოლას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის განსავითარებლად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„ცენტრი ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ფონდის, ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და მასში ორი ციკლოტრონი განთავსდება, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ (IBA) ააწყო და ამ ეტაპზე ტესტირების პროცესს გადის. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. მეორე ციკლოტრონი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. პროტონული თერაპიის ცენტრი პირველ პაციენტს უკვე 2024 წელს მიიღებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – 2022 წლის თებერვლიდან, პირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება