ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ – მათ ჩვენი ქვეყანა დაშალეს და 20% რუსეთს გადასცეს

რა მესიჯს ვუგზავნით ჩვენს აფხაზებს და ოსებს? ისინი უყურებენ, რომ ჩვენ არეული ვართ შიგნით და ვერ ჩამოვყალიბდით, რა გვინდა. მუდმივი რევოლუციების ფონზე, როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება?, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუს მერობის კანდიდატად დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელ საზოგადოებას ერთიანობა აკლია.

„შეხედეთ პოლიტიკოსების რიტორიკას, უკანასკნელ 3 თვეში რომელს უხსენებია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? ჩვენი გუნდის წევრების გარდა, არცერთს. მათი ამოცანა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება არ არის. მათ ჩვენი ქვეყანა დაშალეს და 20% რუსეთს გადასცეს. ისინი რუსეთის ოკუპაციას წინ ვერ აღუდგნენ და დიდი პროვოკაცია თავიდან ვერ აირიდეს.

შესაბამისად, ეს არის ძალა, რომელმაც ვერ აარიდა ჩვენს ქვეყანას ასეთი პროვოკაცია, რამაც გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა და ოკუპაცია. ესაა ძალა, რომელმაც ტერიტორიები ერთხელ უკვე დაგვაკარგვინა – კოდორის ხეობა, ცხინვალის რეგიონის 100-ზე მეტი სოფელი, ეს ძალა შეძლებს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას?

თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ეს ძალა რევოლუციის გზით დაბრუნდა ხელისუფლებაში, ეს ავტომატურად გამოიწვევს უფრო მეტი ტერიტორიების დაკარგვას, მეტ ქაოსს, არეულობას და დესტაბილიზაციას. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, რადგან ჩვენი ძლიერი და მტკიცე გუნდი ვართ დღეს ხელისუფლებაში. ჩვენ ხალხისა და ქვეყნის დაცვაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ერთი მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეახსენოს ოპონენტებს წარსულში ჩადენილი დანაშაულები და, მეორე მხრივ, უნდა იზრუნოს მოქალაქეთა ყოველდღიურ საჭიროებებზე.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – მოძალადეების დრო საქართველოში დასრულდა, ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან!
შემდეგი სტატიაქართველი მამაკაცი, რომელიც საბერძნეთში პარტნიორი ქართველი ქალის მკვლელობისთვის დააკავეს, ციხეში გარდაცვლილი იპოვეს