ღარიბაშვილი – მოძალადეების დრო საქართველოში დასრულდა, ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან!

ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სადაც ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ მშვიდობიანად და დამაჯერებლად, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ დღეს ქვეყანაში არ აქვს ალტერნატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუს მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საქართველოში მოძალადეების დრო დასრულდა და ისინი ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში“.

„ჩვენი ხელისუფლება, ხელწერა, საქმე და სიტყვა ადასტურებს, რომ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც არის დაფუძნებული პრინციპებზე და ღირებულებებზე. ჩვენს ღირსებას და პატიოსნებას რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს, რადგან ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ვდგავართ. ჩვენ მოსახლეობას მოვუტანეთ თავისუფლება, რომელიც იყო ნანატრი 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც 1-ელ ოქტომბერს ჩვენმა ქვეყანამ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დიდი გამარჯვება მოიპოვა. მთელს ქვეყანაში უსამართლობა იყო დამკვიდრებული და სუფევდა მჩაგვრელი ხელისუფლება, მათი ხელწერა იყო ტერორი და შანტაჟი, რაც ჩვენ ყველამ ერთად დავასრულეთ. ბოლო 8 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პროექტი განვახორციელეთ და ყველა რეგიონში გვაქვს რეალური ხელშესახები პროგრესი, ცილისწამების ნიაღვარი და აგრესიული კამპანიის ნიადაგი, არის დიდი შემაფერხებელი. ყოველდღიურ სტრესს და ძალადობას ისმენს ჩვენი მოსახლეობა, პირდაპირი სიძულვილის პროპაგანდა მიმდინარეობს მათი ტელევიზიებიდან. ამ რევანშისტული, რადიკალური ძალის მთავარი ამოცანა არის ხელისუფლებაში დაბრუნება, ჩვენი გუნდი გთავაზობთ განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას და რეალურ პროექტებს. ამ დროს ჩვენი ოპონენტებისგან ისმის მხოლოდ ცილისწამება და შეურაცხყოფა. ჩვენს ბრძენ მოსახლეობას არ გაუჭირდება ახლაც ღირსეული არჩევანის გაკეთება, რისიც ყველას გვჯერა. მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე და მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებენ – მოძალადეების დრო დასრულდა საქართველოში და ისინი ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. ქართველი ხალხი ბრძენია, მან იცის კეთილის და ბოროტის გარჩევა.

ჩვენ არაერთი განსაცდელი გადავიარეთ, რაც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ამ გაკვეთილებზე ვსწავლობთ და მივდივართ წინ. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო გრძელვადიანი მშვიდობის და თავისუფლების მოტანა ჩვენი მოსახლეობისთვის. ბოლო 8 წლის განმავლობაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ქვეყანას არ ჰქონია ომი. ყველა მმართველის დროს ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, რამაც გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა ჩვენი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხალხის სიცოცხლე არის გადასარჩენი – “სტრატეგია აღმაშენებელი” არჩევნების გადადებას მხარს უჭერს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ – მათ ჩვენი ქვეყანა დაშალეს და 20% რუსეთს გადასცეს