ღარიბაშვილი – მიზანმიმართული პოლიტიკა მიმდინარეობს, რომელიც იმართება სააკაშვილის, გვარამიას და ამ პროვოკაციული ძალის მიერ

„ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ალტერნატივა, ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი გააგრძელოს ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული მმართველობა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაღდათში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „პროვოკაციული ძალების“ მიერ წარმოებული კამპანია ყოველ ზღვარს სცდება და ეს მათი იმედგაცრუებაა, რადგან 7 არჩევნების განმავლობაში „სასტიკად დამარცხდნენ“.

„ჩვენ სრული მობილიზება უნდა მოვახდინოთ, რათა ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ეს ასეც იქნება, ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ალტერნატივა. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა რომელსაც შესწევს უნარი გააგრძელოს ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული მმართველობა და განვითარება. ამ არჩევნების შემდეგ 3 წელი შეგვეძლება მთელი რესურსი და მობილიზება გავაკეთოთ მხოლოდ განვითარებაზე, საქმეზე და შრომაზე, რომ ეს დესტრუქციული დღის წესრიგი, რომელიც შექმნილია დესტრუქციული ძალის „ნაცმოძრაობის“ მიერ მტკიცედ შევცვალოთ და მოსახლეობას ვაჩვენოთ რეალური საქმე. 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც იმართება სააკაშვილის, გვარამიას და მთელი ამ პროვოკაციული ძალის მიერ იმისთვის, რომ მუდმივი შფოთვა, სტრესი და პანიკა იყოს საზოგადოებაში. ბევრი ადამიანი ხედავს, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ხმაური იმისთვის არის ორგანიზებული, რომ მოქალაქეებს მუდმივი არასტაბილურობის განცდა გაუჩნდეთ, თითქოს ამ გაუგებარი პოლიტიკური ბატალიების გარდა არაფერი არ ხდება ქვეყანაში. ყოველ ზღვარს სცილდება ეს აუტანელი კამპანია, რომელიც მიმდინარეობს მათი მხრიდან. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს მათი იმედგაცრუებაა, შვიდი არჩევნების განმავლობაში სასტიკად დამარცხდნენ, ხალხმა უთხრა უარი. ამ სისტემატიური პროპაგანდის მეშვეობით ცდილობენ მოაჩვენონ სიტუაცია ჯოჯოხეთად, რაც ფაშისტების ცნობილი მეთოდი იყო, ჯოჯოხეთს აჩვენებდნენ სამოთხედ და პირიქით. ამიტომ არის საჭირო უფრო მეტი აქტიური კომუნიკაცია და მუშაობა მოსახლეობასთან“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – პრეზიდენტს არ აქვს ინფორმაცია, რამდენად სჭირდება ქვეყანას ამ ეტაპზე სესხის აღება
შემდეგი სტატიაგორში საკრებულოს დეპუტატს თავს დაესხნენ