ღარიბაშვილი: მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ოცი ათასზე მეტ სამხედროს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში

მე მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ოცი ათასზე მეტ სამხედროს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. თქვენ მსოფლიოში უსაფრთხოების დაცვით იცავდით ჩვენს სამშობლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სენაკში, ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დაუმარცხებელ, დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს და აღნიშნა, რომ ისინი დღესაც აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას.

„მე მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ოცი ათასზე მეტ სამხედროს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. თქვენ მსოფლიოში უსაფრთხოების დაცვით იცავდით ჩვენს სამშობლოს. თქვენმა პროფესიონალიზმმა, თავდადებამ და გმირობამ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დააახლოვა დასავლეთს. ჩვენ მადლიერები ვართ თითოეული თქვენგანის წვლილითა და ღირსეული სამსახურით.

მინდა ქედი მოვიხარო, ჩვენი დაღუპული 32 გმირი სამხედროს წინაშე. მათი ხსოვნა და თავდადება ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ჩვენი ქვეყნის და ჯარის ისტორიაში.

ასევე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და ჩვენი სამშობლოს სამსახურს. ისინი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავდნენ მსოფლიოს უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მომავალშიც აუცილებლად განაგრძობს ყველა არსებულ ფორმატში გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას.

„მინდა გითხრათ, რომ საქართველო მომავალშიც აუცილებლად განაგრძობს ყველა არსებულ ფორმატში გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას და ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობას და საკუთარი წვლილის შეტანას. ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის პარტნიორობისა და უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობა.

ამ და სხვა ვალდებულებების წარმატებით შესრულების მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, მათი მზადყოფნის დონის ამაღლებას, ჩვენი ჯარის მომზადების ხარისხს და სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი სამხედროების ღირსეულად დაფასებას.

მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ მისიის დასრულება, გისურვოთ წარმატებები. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: დასრულდა ჩვენი მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში, არ დასრულდება ჩვენი ერთობა და სოლიდარობა
შემდეგი სტატიაგოცირიძე: პრეზიდენტს არავინ არაფერს ეკითხება