ღარიბაშვილი: მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

“მე მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საზეიმო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნა.

“მე მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა სწორედ დღევანდელი დღე და ეს გამარჯვება და ეს წარმატება ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, მიაღწია მაქსიმუმს. და, დღევანდელი დღე, შეიძლება ითქვას, არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი წარმატებული მმართველობის”, – თქვა ღარიბაშვილმა.

„ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ. მე მინდა, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ. პირველ რიგში, მინდა, დავიწყო ჩემი მადლობით ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელმაც ახლა დამირეკა და პირადად მომილოცა დღევანდელი დღე და ეს ისტორიული გამარჯვება, ასევე მაქვს პატივი გადმოგცეთ მისი მილოცვა ქართველი ხალხისადმი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყო და იყო ერთ-ერთი მთავარია გულშემატკივარი ქალბატონ ურსულასთან და ბატონ შარლ მიშელთან ერთად. რაც მთვარია, ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თითოეულ ლიდერს. მინდა, მადლობა გადავუხადო ერთსულოვნებისთვის და ერთხმად გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა და ნდობისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„მინდა, ყველა მოგიწვიოთ ხვალ, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა, ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. ხვალინდელი დღე უნდა იყოს საერთო, ეროვნული ზეიმის და საერთო გამარჯვების დღე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტის” ფასადზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი 20-მეტრიანი დროშა გადმოიფინა
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი – ჩვენ გავხსენით მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, მივეცით სტატუსი საქართველოს