ღარიბაშვილი – ყველა პოლიციელმა და ოფიცერმა პირველ რიგში საკუთარ მუნდირს უნდა სცეს პატივი

ერთი პოლიციელი, რომელიც არის ახალაიას უახლოესი მეგობარი, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რომ ამ ადამიანმა ვერ დააფასა, ვერ გამოსწორდა, ვერ შეიცვალა ფერი და ზნე და დატოვა რაღაც, ვითომ, იმიტომ, რომ ერთ-ერთმა უბიძგა, დაეტოვებინა თანამდებობა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას სამეგრელო – ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსის მიერ თანამდებობის დატოვებასა და ყოფილი პოლიციელების დაკავებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა პოლიციელმა და ოფიცერმა პირველ რიგში საკუთარ ფორმას უნდა სცეს პატივი და ვისაც უნდა პარტიულ მუშაობაში მონაწილეობა, ეს მათი არჩევანია.

“ერთი მინდა ვთქვა, მე სრულ პატივისცემას, თანადგომას და გვერდში დგომას ვუდასტურებ ყველა პოლიციელს, ყველა ღირსეულ ოფიცერს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, ყველა ჯარისკაცს. პოლიციელმა და ოფიცერმა პირველ რიგში საკუთარ მუნდირს, საკუთარ ფორმას უნდა სცეს პატივი და ვისაც უნდა პარტიულ მუშაობაში და პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება, ეს მათი არჩევანია. ყოველთვის მითქვამს ღიად, რომ მათ უნდა აირჩიონ გზა და ასეც მოხდა გუშინ. აქ არავითარი სენსაციური არ არის, რეალურად ერთმა პოლიციელმა კი არა, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა კაცმა ვერ მოერია საკუთარ თავს და დაემორჩილა მათ ბრძანებას, მორჩა, სხვა არაფერი. რაც შეეხება დაკავებას, ამის თაობაზე გუშინაც გაკეთდა კომენტარი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება. პოლიციას უამრავი ინფორმაცია აქვს. თუ მათ ადამიანის მიერ შესაძლო კანონდარღვევაზე ინფორმაცია მიიღეს და რეაგირება მოახდინეს, ეს აბსოლუტურად ნორმალურია, ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა და არავითარი გასარკვევი და გამოსაძიებელი არ არის, გარდა იმისა რომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო – ბოლო კვირის მონაცემით, სკოლის მოსწავლეებს შორის „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელმა მცირედით იკლო
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან მშვიდ, თავისუფალ არჩევნებს ჩავატარებთ; არც ერთ პროვოკატორს არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალებას