ღარიბაშვილი – ყოველწლიურად მივუახლოვდებით დიდ მიზანს, როცა დაძლეული იქნება სიღარიბე და უმუშევრობა

ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ საქმეებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება მომდევნო წლების განმავლობაში, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ნინოწმინდის მერობის კანდიდატის, ანოვარდ მოსოიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნინოწმინდაში ბევრი მიწაა სახელმწიფო საკუთრებაში, რომელთა პრივატიზება და დამუშავება უნდა მოხდეს.

„ნინოწმინდაში მართლაც უნიკალური სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოგყავთ, თქვენი შრომით, თქვენი მშრომელი ხელით. აქ არის ძალიან დიდი მიწები, მათ შორის ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, რომელიც აუცილებლად უნდა დამუშავდეს, მოხდეს პრივატიზება და დამატებითი ღირებულება შეიქმნას ამ მიწაზე, მეტი დოვლათი შეიქმნას, მეტად გაძლიერდეს თქვენი ოჯახები, ეს მხარე და ეს ქალაქი. 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ ბიზნესთან ერთად ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ, ჩვენ თვითონ გავხდეთ თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი სახელმწიფო და ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქცია, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი მოსახლეობა და მთლიანობაში ჩვენი ქვეყანა. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, როგორ განვავითაროთ გზები, ინფრასტრუქტურა, წყალგაყვანილობა და გაზმომარაგება, რომ ყველა ქალაქში და სოფელში იყოს 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგება. ის გეგმა, რომელიც შევიმუშავეთ, პასუხობს ამ გამოწვევას, რომელიც ჯერ კიდევ არის ჩვენს ქვეყანაში – სიღარიბე და უმუშევრობა. ამ გეგმის მიხედვით, ჩვენ ეტაპობრივად, ყოველწლიურად მივუახლოვდებით იმ დიდ მიზანს, როცა ქვეყანაში დაძლეული იქნება სიღარიბე და უმუშევრობა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი და საქმე და არა უაზრო დაპირისპირება პოლიტიკოსებს შორის, უაზრო დებატები და პოლიტიკური ბატალიები. ჩვენ აღარ გვჭირდება, ხალხი დაიღალა ამდენი პოლიტიკური შოუებით და უსაგნო, უსაფუძვლო საუბრებით. ჩვენ გვჭირდება განვითარება, ხალხს სჭირდება პროგრესი, მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ მშვიდობას და სტაბილურობას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და მეორედ ამის გაკეთების უფლებას არ მივცემთ
შემდეგი სტატიაკუჭავა – ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნები ჩატარდეს დამოუკიდებელ, თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში