ღარიბაშვილი – ხალხი არის ძალაუფლებისა და ლეგიტიმაციის წყარო, ჩვენ, ხელისუფლებამ კი, მიღებული მანდატი გაკეთებული საქმით, ერთგულებითა და თავდადებით, შექმნილი სიკეთეებით ხალხსვე უნდა დავუბრუნოთ

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, მადლობა იმ ნდობისა და ერთგულებისთვის რომელიც მათ გამოგვიცხადეს არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა.

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მივესალმები საპატრიარქოს წარმომადგენლებს, პატივცემულ ელჩებს, თბილისის მერს, პარტიის თავმჯდომარეს.

დღეს, მსურს საზოგადოებას მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარვუდგინო და შევეხო იმ ძირითად საკითხებს, თუ რა დამხვდა, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დავიკავე, რისი გაკეთება შევძელით ჩვენ ყველამ ერთად და რა სამომავლო გეგმები გვაქვს.

პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, მადლობა იმ ნდობისა და ერთგულებისთვის რომელიც მათ გამოგვიცხადეს არჩევნებში. ხალხი არის ძალაუფლებისა და ლეგიტიმაციის წყარო, ჩვენ, ხელისუფლებამ ეს მიღებული მანდატი გაკეთებული საქმით, ერთგულებითა და თავდადებით, შექმნილი სიკეთეებით ხალხსვე უნდა დავუბრუნოთ.

ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნა უდიდესი პატივია, მაგრამ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა, იზრუნო ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის, ეს არის შესაძლებლობა, ბოლომდე დაიხარჯო, ერთგულად ემსახურო ჩვენს ქვეყანას, დაიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება, ეკლესია, ოჯახის ინსტიტუტი, უკეთესობისკენ შეცვალო ჩვენი ხალხის ყოველდღიური ცხოვრება, გააუმჯობესო მათი მდგომარება და ხალხისთვის მოიტანო განვითარება და კეთილდღეობა. ეს შესაძლებლობაა და ამავდროულად ჩვენი ვალდებულებაა მეგობრებო.

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ჩვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი და იმ დიდ პოლიტიკურ გუნდთან ერთად გავუძღვე მთავრობას, რომელიც იცავს პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს, ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს და რომლისთვისაც ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა. რაც მთავარია, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნაწილია და ზუსტად იცის, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება საზოგადოება. გამოწვევები და პრობლემები ბევრია ქვეყანაში: ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – ქვეყნის გაერთიანება, უმუშევრობა და სიღარიბე, დესტრუქციული ძალების მიერ შექმნილი პოლარიზაცია და უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ამიტომ ამ გამოწვევებს ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა მივხედოთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ სწორი ხედვით, გონივრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკითა და შრომით, დაუღალავი, თავდადებული, 24 საათიანი მუშაობაა საჭირო, იმისათვის რომ ყველა სირთულე გადავლახოთ და ქვეყანა და ხალხი გავიყვანოთ სამშვიდობოზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიჩემს მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენმა გუნდმა გამორჩეულად საქმიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანია ჩაატარა, მოსახლეობას მასშტაბური და ამავდროულად რეალისტური, დროში გაწერილი გეგმები წარუდგინა და 63 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა