იმერეთში ვისაუბრეთ ძალიან ბევრ თემაზე, რომელიც აქტუალურია. ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რომ არჩევნებზე უნდა მოვიგოთ, გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად, დამაჯერებლად უნდა იყოს ყველაფერი, არცერთი საბაბი, არცერთი მიზეზი არ უნდა დავუტოვოთ ჩვენს დესტრუქციულ ანტისახელმწიფოებრივ ოპოზიციას და ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ქუთაისში პარტიულ აქტივთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, საარჩევნოდ საბრძოლო განწყობაა მთელ იმერეთში.
„მინდა, დღეს მოგილოცოთ ჩვენი პირველი პრეზიდენტის, ეროვნული კაცის, ბატონი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, რეფერენდუმის დღე, რომელმაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა. რაც შეეხება შეხვედრას, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ თემაზე. ჩვენი მთავარი გზავნილი კიდევ ერთხელ იყო, რომ უნდა ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. საბრძოლო განწყობაა მთელ იმერეთში. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს აქტივს და 26 ოქტომბერს ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს, უნდა იზეიმოს ძლიერი, ისტორიული გამარჯვება. დღეს ქვეყანაში გარკვეულია ყველაფერი, არაფერი ბუნდოვანი აღარ არის. ქართველ ამომრჩეველს – მნიშვნელობა არ აქვს, დღეს ისინი არიან თუ არა ჩვენი პარტიის მხარდამჭერები – ძალიან ნათელი არჩევანის გაკეთება მოუწვეს. ერთი არჩევანი არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, მეორე არჩევანი არის ეს ანტიეროვნული მტრული ძალები, რომელიც არიან დაქსაქსული, გაშლილი თუ გაერთიანებული. ყველაფერი, რაც ხდება, მაგალითად, მელიას თუ გვარამიას და ამ არარაობების გაერთიანება, იმავე „ლელოს“, ნაცების“ აქტივობა, ყველამ კარგად იცის, ეს არის ისევ ერთი პარტიის, ამ ბოროტი, მტრული ძალის განშტოებები და მათი ნაწილები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.