ღარიბაშვილი – ჩვენ ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისათვის

ჩვენ ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისათვის და ვემზადებით 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების ოთხ წლისთავთან დაკავშირებით, “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, მაქსიმალურად ისარგებლოს ყველა სიკეთით, რაც ევროინტეგრაციას მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისათვის.

„დღეს ევროკავშირის / შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების 4 წლისთავს აღვნიშნავთ.

2017 წლის მარტის ისტორიული გადაწყვეტილებით ევროკავშირმა და ევროპის ქვეყნებმა საქართველო სანდო და ღირსეულ პარტნიორად აღიარეს. ეს დემოკრატიის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის ჩვენი ძალისხმევის, გატარებული რეფორმების უმაღლესი შეფასებაა.

ამ უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენამ კიდევ უფრო დააახლოვა საქართველო ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახს და ახალი შესაძლებლობები გახსნა მის წინაშე.

დღემდე საქართველოს მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლით ევროპის ქვეყნებში.

ჩვენ ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისათვის და ვემზადებით 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად; ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, მაქსიმალურად ისარგებლოს ყველა სიკეთით, რაც ევროინტეგრაციას მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისათვის”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – დიდი იმედი გვაქვს, დანიელსონის ვიზიტი პოზიტიური შედეგით დასრულდება
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო – საჯარო და კერძო სკოლის წარმომადგენელთა ჯანმრთელობა ორ კვირაში ერთხელ კონტროლდება