ღარიბაშვილი – ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი პარტნიორებთან, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი პარტნიორებთან, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. აუცილებელია ჩვენს პარტნიორებთან დიალოგის გაგრძელება და საუბარი. მე მომხრე ვარ იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენს შორის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„დღეს რთული სიტუაციაა, ქვეყანას უამრავი სხვა გამოწვევა აქვს, როგორიც არის ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, რეგიონში შექმნილი ვითარება, უკრაინაში ომი არ ჩერდება და არ გაჩერდება დიდი ხანი, ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. ეს ყველაფერი ამძიმებს ამ ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს და ვითარებას. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე იმისა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენი მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს.

რაც შეეხება ამ კანონს, ჩემი პირადი აზრია და არა ჩვენი პარტიის აზრი, რომ როდესაც უცხო სახელმწიფოს ინტერესების ლეგალიზება ხდება, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები – რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის. აგენტი არის აგენტი. აგენტის ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი. ამაზე უნდა იყოს საუბარი. დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, შეიძლება თუ არა მეგობარი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ვიყო. ეს ხომ კატასტროფაა? ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია უკვე. როგორ შეიძლება, საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე? ინტერესი არსებობს ერთი – საქართველოს ინტერესი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილეონიძის ქუჩაზე სამართალდამცავებისგან ნაცემი ირაკლი წიგნაძის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიაშსს – უჩა აბაშიძე და მისი ცოლი უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ სხვების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ჩანაწერებს