ღარიბაშვილი: ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს ჩვენს ხალხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა.

მისივე თქმით, შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და შემდეგ ნაბიჯებზე ჩამოყალიბდებიან. ღარიბაშვილი ამბობს, დღეს ქვეყანას რეალურ, კონკრეტულ საკითხებზე საერთო ეროვნული თანხმობა სჭირდება.

„ჩვენ დღეს გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც გვაქვს მმართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება, ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან, მონაწილისგან მათ მიერ დასმული კითხვები და, რა თქმა უნდა, გავეცი პასუხი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი გაგრძელდება. მე მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე. მინდა, გითხრათ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რეკომენდაცია, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად – ოპოზიციამ, პოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესს. კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს, ერს გააერთიანებს, ესაა, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა რეალურ კონკრეტულ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც შესაძლოა, გვქონდა “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, იმედი აქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. მისივე განცხადებით, თავის მხრივ, ხელისუფლება ადასტურებს სრულ მზაობას დიალოგის გასაგრძელებლად.

„ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს არის ოკუპაცია, სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, კოვიდპანდემია. სწორედ ამ საკითხებზეა ახლა საჭირო კონცენტრაცია და გაერთიანება. დიდი იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ ჩვენი მხრივ ასევე ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ გავაგრძელოთ დიალოგი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

https://youtu.be/fOOAnfzDhds

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ეს არის ერთადერთი სწორი ჩარჩო
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: აქციები გაგრძელდება