ღარიბაშვილი: ჩემი სრული მხარდაჭერა მთელს პოლიციას…ვისაც სურს პარტიული მოღვაწეობა, მაშინ უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს ამა თუ იმ პარტიაში, ეს არის ჩემი პოზიცია

პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, რა თქმა უნდა, ყველა კანონდარღვევაზე აკეთებენ რეაგირებას, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი იყო ყოფილი პოლიციელი, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, თუ ვინმე რაიმე დანაშაულს სჩადის, ყველა აგებს პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში ყოფილი პოლიციელების დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა პოლიციისა და ჯარის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა და აღნიშნა, რომ როგორც პოლიციელები, ისე ჯარისკაცები ატარებენ მუნდირს, რომელიც ღირსეულად უნდა დაიცვან.

„ჩემი სრული მხარდაჭერა მთელს პოლიციას, ჯარს, მათ შორის ყოფილებს, ყველა იმ ღირსეულ ოფიცერს, რომელიც ღირსეულად ატარებს თავის მუნდირს. მე მქონდა შემდეგი პოლიტიკა, ვიყავი რა შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ თავდაცვის მინისტრი, ყოველთვის ვეუბნებოდი შემდეგს ჩვენს ოფიცრებს – თქვენ გაცვიათ მუნდირი და ამ მუნდირს სჭირდება ღირსეული ტარება. ვისაც სურს პარტიული მოღვაწეობა, მაშინ უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს ამა თუ იმ პარტიაში, ეს არის ჩემი პოზიცია. რაც მალე მოხდება ლუსტრაცია და აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი ჩვენთვის, გაიწმინდება ჩვენი პოლიცია ასეთი ფსევდო ოფიცრებისგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოზურგეთში ოთხი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაკოჯორში იუნკერთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა