ღარიბაშვილი – ბოლო კვლევებით ჩვენ გვაქვს 49%-ზე მეტი, არავითარი საფუძველი არ გვაქვს, თეორიულადაც კი განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნები

ჩვენ არავითარი საფუძველი არ გვაქვს, თეორიულადაც კი განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ მმართველ გუნდს მზარდი რეიტინგი აქვს.

„ჩვენ დღეს ვიხილეთ ბოლო კვლევები, რომლის მიხედვით ჩვენ გვაქვს 49%-ზე მეტი და თუ შეხედავთ ტენდენციას, მზარდი რეიტინგი აქვს ჩვენს პარტიას და არავითარი პრობლემა არ არსებობს, საერთოდაც, 43% რა შუაშია, ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან. ეს იყო უსამართლო, ანტიკონსტიტუციური ჩანაწერი, რომელზეც მაშინ იმ დროს განმარტება გავაკეთე, რომ პატივი ვეცით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას, მხედველობაში მივიღეთ ზოგადი ფონი, პოლიტიკური სიტუაცია რაც ქვეყანაში არსებობდა და გვინდოდა, რომ ეს პოლარიზაცია დაგვესრულებინა. თუმცა, აქ შევცდით, ვინაიდან ჩვენ ვიცოდით, რომ ეს არ მოხდებოდა, ეს ბლეფი იყო, მორიგი გათამაშება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მაგრამ ჩვენ ანგარიში გავუწიეთ საერთო სიტუაციას, ზოგად კონიუნქტურას, საერთო პოლიტიკურ სურათს ქვეყანაში და გვინდოდა სიტუაციის დამშვიდება. მძიმე ეკონომიკური ვითარება იყო, კოვიდ-პანდემია და უამრავი სხვა, რასაც თან ერთვოდა პოლიტიკური კრიზისი. აქედან გამომდინარე, ჩვენ არავითარი საფუძველი არ გვაქვს, თეორიულადაც კი განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნები. მაგალითად, ევროპაში, პრეზიდენტ მაკრონის პარტიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღო თუ არ ვცდები 7-9%. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომელიღაც ფრანგმა პოლიტიკოსმა ეს ეჭვქვეშ დააყენოს და მოითხოვოს მაკრონის ან მთავრობის გადადგომა. ეს ხომ აბსურდია. ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ და ყველამ კარგად გავითავისოთ, რომ ამ ქვეყანაში პატივი უნდა ვცეთ კანონებს და კონსტიტუციას და არჩევნებს. ჩვენ მილიონმა მოქალაქემ მოგვცა მანდატი და დაგვიჭირა მხარი. ეს მანდატი, კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრულია 4 წლით. აქედან გამომდინარე, არავითარი დათქმა და პირობა არ არსებობს, ქვეყანაში არავითარი არჩევნები არ დაინიშნება. 3 წელი უნდა იყოს განვითარების, აღმშენებლობის წლები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ვინც კანონის აღსრულებას შეეწინააღმდეგება, კანონის და სახელმწიფოს სახელით ვაცხადებ, უკლებლივ ყველა შევა ციხეში
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე- ხელისუფლებას ერთადერთი გეგმა აქვს, კანონის აღსრულება ჩვენ აქ კომპრომისს არ ვუშვებთ