ის რისკები, რაც შარშან და შარშანწინ არსებობდა ქვეყნის წინაშე, რომლებიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის ჩართულობას ომში და მეორე ფრონტის გადმოტანას, არსად წასულა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივთან შეხვედრა გამართა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის უალტერნატივო გამოსავალი, რათა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს.
„დღეს ზუგდიდში შევხვდი ჩვენი პარტიის აქტივს, ჩვენი ოჯახების წევრებს, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი არჩევნები ერთად გავიარეთ და მოვედით დღემდე ძალიან დიდი გამარჯვებებით. ზუგდიდი ყოველთვის იყო გამორჩეული ცენტრი საქართველოში, სწორედ ამიტომ, დღეს საუბარი გვქონდა ჩვენი პარტიის გეგმებზე, შემდგომ ნაბიჯებზე. დავსახეთ გეგმები, როგორ უნდა ვიაქტიუროთ მომდევნო თვეების განმავლობაში. ახლა მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ივლისამდე ყველა რეგიონს მოვივლი. ამის შემდეგ უკვე მოვემზადებით, რომ დავიწყოთ ოფიციალურად კამპანია. ეს არის წინამოსამზადებელი პერიოდი. ჩვენ გავიხსენეთ, რა რთული მდგომარეობა იყო 2012 წელს და შემდეგ, ყველა არჩევნებზე ჩვენი ამომრჩეველი, მთელი სამეგრელოს და ზემო სვანეთის ამომრჩეველი ძალიან ღირსეულად, ძლიერად ედგა პარტიას გვერდით და სწორედ მათი, ჩვენი ხალხის, ამომრჩევლის მხარდაჭერით მივაღწიეთ ძალიან ბევრ გამარჯვებას.
ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ქვეყანაში არის სტაბილურობა, მშვიდობა. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ის რისკები, რაც შარშან და შარშანწინ არსებობდა ქვეყნის წინაშე, ვგულისხმობ გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ჩართულობას ომში და აქ მეორე ფრონტის გადმოტანას, არსად წასულა. ამ საკითხებზე ვისაუბრე ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენი პარტიის აქტივთან და ვუთხარი, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი ჩვენი ხალხისთვის, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და დემოკრატია რეალურად. კარგად გახსოვთ რა მდგომარეობა იყო 2012 წელს. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი არასოდეს არ დაბრუნდება იმ ტერორში და უბედურებაში, რომელიც იყო აგენტურის მიერ დამყარებული ქვეყანაში. ხალხმა ნახა, რა უბედურება მოუტანა უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელმა და ქართველი ხალხის ინტერესების მოღალატე ხელისუფლებამ. ქვეყანა დაანგრიეს რეალურად, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, ხელმეორედ და სამუდამოდ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, ამიტომ სჭირდება მობილიზაცია ჩვენს პარტიას. ამ მიზანს ემსახურება ჩემი სიარული რეგიონებში. ასევე მინდა ვთქვა, რომ პროპორციული არჩევნები ტარდება პირველად, ასევე მოგეხსენებათ, ელექტრონულად ჩატარდება, აღარ იქნება მეორე ტურები, ამიტომ საჭიროა, ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და გზავნილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.