გერმანული კომპანია Deutsche Bahn ირანში საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვებს იწყებს

gochavaროგორც ცნობილია, გერმანული კომპანია Deutsche Bahn ირანში საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვებს იწყებს. პირველი სატესტო მატარებელი, რომელიც 41 კონტეინერისგან შედგება, დერეფანში „სამხრეთი-დასავლეთი” ნოემბრის ბოლომდე უნდა გაუშვან. ამის შესახებ სააგენტო Trend თეირანში ირანის, საქართველოს და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების და Deutsche Bahn-ის აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრის შედეგების მიხედვით იტყობინება.

 

საქართველოს გავლით სატრანსპორტო დერეფნის „სამხრეთი-დასავლეთი“ განვითარების პერსპექტივა რომ შევაფასოთ, უნდა ვიცოდეთ თუ როგორ მუშაობს სატრანსპორტო დერეფანი, რა ინსტიტუციური და საექსპლუატაციო სტრუქტურები არსებობს მისი ფუნქციონირების მართვისათვის, როგორ შეიძლება შეფასდეს მუშაობა და მოხდეს სხვა დერეფნებთან მისი შედარება, რა ზომების გატარებაა შესაძლებელი დერეფნის მართვისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის, და საერთოდ, რა როლის შესრულება დაეკისრება საქართველოს მხარეს? თუ ეს ფუნქცია მხოლოდ ტრანზიტის განხორციელებით შემოიფარგლება, – და ეს დღეს, ჩანს, ასე იქნება -, მაშინ მხოლოდ ეს როლი ჩემთვის მიმზიდველი ვერ იქნება!

 

პროექტის მიხედვით „მატარებელი გამოვა რუმინეთიდან, კონსტანცადან, ზღვის გავლით მივა საქართველოში და რკინიგზით გაიგზავნება აზერბაიჯანში, საიდანაც, უკვე სატვირთო ავტომანქანებით გადაიტვირთება ირანში, გაზვინის სადგურში და ისევ რკინიგზით მივა თეირანში“.

 

ანუ, „საქართველოს რკინიგზის“ როლი შემოიფარგლება ტვირთის გადაზიდვით შავი ზღვის პორტებიდან გარდაბნის სადგურამდე. შევხედოთ საკითხს ევროპის ერთიანი სარკინიგზო სივრცის თვალსაზრისით: კომპანიის Deutsche Bahn მოქმედების არეალი – ეს ევროკავშირის 28 ქვეყნის ერთიანი სარკინიგზო ქსელია. მას შეუძლია ტვირთი მიიღოს ლისაბონში, ტალინში ან მადრიდში; მას ამის უფლება და შესაძლებლობა აქვს! გერმანიის რკინიგზის პერსონალი ემსახურება მატარებლებს პორტუგალიაში, ესტონეთში და ესპანეთშიც. Deutsche Bahn-ის მთავარი ამოცანაა მოახდინოს ტვირთების კონსოლიდაცია ევროპის სარკინიგზო ქსელის რომელიმე დერეფანში და მიიყვანოს ის კონსტანცაში – ყველაფერს ამას ხელს უწყობს პან-ევროპული დერეფნების სისტემა. ეს სისტემა შედგება ცხრა დერეფნისაგან. კონსტანცას უკავშირდება მეოთხე პან-ევროპული დერეფანი Orient/East-Med Corridor (სურათზე ყავისფერი ზოლი).

 

 

დერეფანი Orient/East-Med Corridor იწყება გერმანიის ბრემენის, ჰამბურგის და როსტოკის საზღვაო პორტებში, გაივლის ჩეხეთის რესპუბლიკას და სლოვაკეთს, განშტოება აქვს ავსტრიაში, შემდეგ უნგრეთისა და რუმინეთის გავლით უკავშირდება ბულგარეთში ბურგასის საზღვაო პორტს, აგრეთვე თურქეთს, საბერძნეთის საზღვაო პორტებს პირეოსში და სალონიკში, აქედან „საზღვაო მაგისტრალით“ დერეფანი უკავშირდება კვიპროსის კუნძულოვან სახელმწიფოს.

 

მაშასადამე, სანამ კომპანია Deutsche Bahn მატარებელს მოიყვანს კონსტანცას პორტში, მან უდიდესი სამუშაო უნდა შეასრულოს, შემოსავლებიც შესაბამისი ექნება,  – „საქართველოს რკინიგზის“ ფუნქციასთან, და შემოსავლებთან, შედარებაც კი წარმოუდგენელია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზემოთ აღნიშნული დერეფანი უშუალოდ უკავშირდება თურქეთს, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ამოქმედების შემდეგ, ტვირთი გვერდს აუვლის საზღვაო პორტებს, და „საქართველოს რკინიგზის“ და პორტების როლი კიდევ უფრო დაკნინდება და ის მხოლოდ ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზზე ტვირთების გატარებით შემოიფარგლება, სადაც აზერბაიჯანის მხარეს, როგორც ხმები ვრცელდება, განსაკუთრებული პრივილეგიები აქვს.

14813311_1810331599251839_748414178_o

ახალი მთავრობის უპირველესი ამოცანა უნდა გახდეს სატრანსპორტო სექტორის რევიტალიზაცია, რეგიონში ქვეყანამ ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია რომ შეასრულოს. უდიდესი სამუშაოა ჩასატარებელი, თორემ ქვეყანა, ერთი მხრივ, გერმანელების, და საერთოდ ევროპელების, მეორე მხრივ, ჩინელების და აზერბაიჯანელების მიერ გაგზავნილი მატარებლების უბრალო გამტარი სატრანსპორტო არხი იქნება მხოლოდ, და მეტი არაფერი; ეს კი მის გეოპოლიტიკურ მდებარეობას არანაირად არ შეეფერება! საქართველოს რკინიგზაზე უნდა დაიწყოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე დირექტივებისა და რეგლამენტების ცხოვრებაში გატარება, მისთვის შესაფერისი როლი რომ შეიძინოს აზიასა და ევროპას შორის სატრანსპორტო კომუნიკაციაში.

 

„პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელი

დათო გოჩავა

 

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობა” ამ ქვეყნის წარსულია
შემდეგი სტატიაპუტინი: პოროშენკოს ბიზნესი რუსეთში დაცულია