გერმანიის შსს-ს განმარტებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხო ქვეყნის კრიტერიუმებს – ხოკრიშვილი

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას საქართველო და სომხეთი უსაფრთხო ქვეყნად აღიარონ, გერმანიაში საქართველოს ელჩი ეხმიანება.
ინიციატივის მთავარ მიზეზად თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადების დამუშავების პროცესის დაჩქარება სახელდება. ელგუჯა ხოკრიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
“გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სტეფან მაიერი იუწყება, რომ მაის-ივნისში შინაგან საქმეთა მინისტრი გეგმავს მთავრობის კაბინეტს წარუდგინოს გეგმა, რომელიც თავშესაფრის განაცხადების განხილვის დაჩქარებულ პროცედურას ითვალისწინებს. ეს პაკეტი მოიცავს ასევე საქართველოსთვის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსის მინიჭებასაც. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც კოალიციის შეთანხმებით, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარებისთვისაა დადგენილი. კერძოდ, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები ძირითადად არ კმაყოფილდება და აღიარების მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება. გერმანიაში მოქმედი სტანდარტის თანახმად, ქვეყანა მიიჩნევა უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად, არსებული დემოკრატიული სისტემისა და ზოგადი პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან დევნას ადგილი არ აქვს და ამასთან უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების დაცვას სხვა ყველა სახის დევნისაგან. თავისთავად ის გარემოება, რომ გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის განაცხადების აღიარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. თუმცა, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება კიდევ უფრო გაამარტივებს თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცედურას და მინიმუმამდე შეამცირებს განხილვის ვადებს. პროცედურის თანახმად, გერმანიის მთავრობის კაბინეტის თანხმობის გარდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება საჭიროებს პარლამენტისა და ფედერალური საბჭოს თანხმობას. აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიაში საქართველოს საელჩო აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებთან, ისევე როგორც ფედერალური მიწების მთავრობებთან, იმისათვის რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს პროცესის დროულად დასრულებას“, – განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიზაზა ჭაია: ვნახოთ!!!
შემდეგი სტატია“ყველა ერი, რომელსაც აქვს მომავალი, ეთაყვანება იმ ადამიანებს, ვინც შესაძლებელი გახადა დღევანდელი დღე!”