გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შტეფან მაიერი – „გერმანიის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს დაესწრო, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება. ღონისძიება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთი დისკუსია ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმს და ამ კუთხით გერმანიაში არსებულ მდგომარეობას მიეძღვნა.

ნინო ჯავახაძემ ფორუმის მონაწილეებს გერმანიაში უვიზო რეჟიმის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმზე გერმანულ მხარეს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილე შტეფან მაიერი, რომელმაც საქართველოს მთავრობის მყისიერ რეაგირებაზე კმაყოფილება გამოხატა, როდესაც 2017 წლის ბოლოს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მკვეთრი მატება დაფიქსირდა.

შსს- ცნობით, 2018 წლის იანვრიდან გერმანიაში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრი კლება ფიქსირდება. ამავე წლის მაისის თვის მონაცემები სავიზო რეჟიმის დროს არსებულ მონაცემს უტოლდება, ხოლო სხვადასხვა ფედერალურ მიწებზე ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაც 30-50 პროცენტით არის შემცირებული.

შტეფან მაიერმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა არის სანიმუშო. მან, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გერმანიის დედაქალაქში მიმდინარე წლის 30 მაისს განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას.

როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შტეფან მაიერმა აღნიშნა, გერმანიის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას და სამომავლო პერსპექტივაშიც პოზიტიური მოლოდინია.

ინფორმაციას ფორუმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში„არავითარი დაგუბება არ არის, საფრთხე არ არსებობს, მოსახლეობა უსაფრთხოდ არის” – მღებრიშვილი ჭუბერში არსებულ ვითარებაზე
შემდეგი სტატიაჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სასმელი წყალი დაურიგდა