გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაურმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ბაზა “მარმალი” მოინახულეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის გენერალ ვოლკერ ვიკერის მიწვევით ავღანეთში მაზარ-ი-შარიფში გერმანული ბაზა “მარმალი” მოინახულა. ლევან იზორიამ მეორე საერთაშორისო ვიზიტიც ავღანეთში გამართა. ბაზა „მარმალზე“ თავდაცვის მინისტრი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ჩრდილოეთ მიმართულების სარდალს ბრიგადის გენერალ ჰარტმუტ რენკს შეხვდნენ. ბრიგადის გენერალმა ჰარტმუნტ რენკმა საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის საინფორმაციო ბრიფინგი ჩაატარა და მართვის ცენტრი დაათვალიერებინა.

ლევან იზორია და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაზა “მარმალზე” დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„მინდა გითხრათ, რომ თითოეულ ქართველს თქვენი მისია აქ გააზრებული აქვს, როგორც საქართველოსთვის სამსახური. თქვენ აქ იცავთ ჩვენს ქვეყანას, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას, თითოეული ქართველის ოჯახის უსაფრთხოებას და ეს არის პირველ რიგში, ქართული საქმე. ეს არის თქვენი სიყვარულის გამოხატვა თქვენი სამშობლოს მიმართ და თქვენი პატრიოტიზმის მაღალი დონე. ამისთვის, უდიდესი მადლობა. თქვენი აქ ყოფნა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გლობალური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჭირდება თქვენი გამოცდილება, ჩვენ გვჭირდება თქვენი აღიარება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რათა შევძლოთ გავხდეთ ნატოს სრულუფლებიანი წევრები. მერწმუნეთ, რომ ყველაზე გადამწყვეტ სიტყვას ამ საქმეში, რასაც ჰქვია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობა, იტყვით თქვენ. თქვენი პროფესიონალიზმით და თქვენი იმ შესაძებლობებით და ამას თქვენ იმსახურებთ და აკეთებთ, უბრალოდ ეს დროის საკითხია.“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრი ქართველ სამხედროებს უშუალოდაც გაესაუბრა, მოისმინა მათი პრობლემები და დახმარებას დაჰპირდა. თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ქართველ ქვედანაყოფთან ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი მურთაზ გუჯეჯიანი მასპინძლობდა.

banner
წინა სტატიაშიდიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა – კარასინის განცხადებებს ოფიციალური თბილისი ეხმაურება
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეცდანიშნულების ძალების ბაზის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა