გერმანიის პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტებმა საქართველოსა და გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობა განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გერმანიას ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის პანდემიის პერიოდში სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და შესაბამისი დახმარებისათვის.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მაღალი შეფასება მისცა კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას.

საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები წარმატებული და შედეგიანია.

პრეზიდენტებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის და მისი საყოველთაო ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის და არა მხოლოდ მდიდარი ქვეყნებისათვის.

საუბარი შეეხო ასევე, პანდემიის პირობებში ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნისა და ზოგადად, ეკონომიკის ფუნქციონირებას საჭიროებასა და მნიშვნელობას. საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტებმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ კოლეგას ბორდერიზაციის პროცესის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ დღეს საყოველთაო, საერთაშორისო სოლიდარობის საჭიროებისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც რთული ჰუმანიტარული ვითარებაა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გერმანია საერთაშორისო საზოგადოებას სოლიდარობის მაგალითს აძლევს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი თავდაცვის ძალებს – თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ და ამ რთულ ეტაპზე თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შემდეგ ეტაპზე საქართველოს საზღვარზე გადმოსული ტრაილერების მძღოლების ტესტირება იგეგმება