ირანის ომი არის „კატასტროფული შეცდომა“, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს — აცხადებს გერმანიის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის კრიტიკისას.
მისი თქმით, ეს პროცესი უმსხვილეს მოკავშირესთან ურთიერთობების გაწყვეტის ნიშანია.
„ჩვენი საგარეო პოლიტიკა უფრო დამაჯერებელი არ გახდება მხოლოდ იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევას სახელს არ დავარქმევთ“, _ განაცხადა შტაინმაიერმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, საგარეო უწყებაში სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ ეს საკითხი ირანის ომთან დაკავშირებით უნდა განვიხილოთ. რადგან, ჩემი ხედვით, ეს ომი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს“, _ ამბობს ის და დასძენს, რომ ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ არგუმენტი ამერიკულ ობიექტებზე გარდაუვალი თავდასხმის შესახებ „კრიტიკას ვერ უძლებს“.
ომს არასაჭირო და „პოლიტიკურად კატასტროფული შეცდომა“ უწოდა შტაინმაიერმა და აღნიშნა, რომ ტრამპის მეორე ვადა გერმანიის საგარეო ურთიერთობებში ისეთივე ღრმა ნაპრალს აჩენს, როგორიც რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია.
„ისევე როგორც მჯერა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში 2022 წლის 24 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობასთან დაბრუნება შეუძლებელია, ასევე მჯერა, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებშიც 2025 წლის 20 იანვრამდე არსებულ ვითარებასთან დაბრუნება აღარ მოხდება“, — განაცხადა შტაინმაიერმა.
















