“გერმანიის მხრიდან სწორი აღქმა და მიდგომებია, იმ საფრთხეებისადმი, რომლებიც საქართველოს დღეს გააჩნია”

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, გერმანია მზადაა განაგრძოს საქართველოს დახმარება ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისა და ევროპული ფასეულობების განმტკიცების მიმართულებით.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მინისტრის თქმით ვიზიტისას გამართულ ყველა დონის შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ გერმანია მტკიცე მხარდამჭერია, როგორც საქართველოს განვითარების, ასევე მისი ევროპული მომავლის.

“მათ ძალიან სწორი აღქმა აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესების. ისინი ხედავენ, რომ საქართველო ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს და წარმატებით ახორციელებს იმ რეფორმებს, რომლებიც საჭიროა ჩვენი ევროპული მომავლისთვის, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო ძლიერი, ჩვენი ინსტიტუტები გახდეს უფრო ძლიერი. დაინერგოს ევროპული სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას და ახალ შესაძლებლობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ისინი მზად არიან, რომ საქართველოს დახმარება გააგრძელონ ამ მიმართულებით, ყველა დონეზე. ეს არის პოლიტიკური, ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერა. გამოხატული არის სრული მზადყოფნა, გაგრძელდეს ეს დახმარება საქართველოსადმი”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით გერმანია, როგორც პოლიტიკურ, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლების დონეზე მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას და საქართველო მზად არის ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლოს გერმანულ მხარესთან.

“მათი მხრიდან გამოიხატა სრული მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის კუთხით, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან და ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა უწყებასთან იმისთვის, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს, უფრო გაღრმავდეს, განვითარდეს და უფრო მეტი დადებითი შედეგი მოიტანოს ორი ქვეყნისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით ბერლინში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც გერმანიამ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

“მათი მხრიდან არის სწორი აღქმა და მიდგომები, იმ საფრთხეებისადმი, რომლებიც საქართველოს დღეს გააჩნია. არის ასევე მზადყოფნა გამოხატული ყველას მხრიდან, რომ მაქსიმალურად იდგეს საქართველოს გვერდით, იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს ამ საფრთხეებისადმი გამკლავება, რეფორმების განხორციელება და წარმატების მიღწევა ეკონომიკური განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების კუთხით ქვეყანაში”, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიას ოფიციალური ვიზიტით 23 თებერვალს ეწვია. მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანალიტიკურ ცენტრებში, ბიზნეს წრეებისა და მედიის წარმომადგენლებთან. მინისტრი გერმანიას 26 თებერვალს დატოვებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო
შემდეგი სტატიასასამართლომ დედის ცემაში ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა