გერმანიის ელჩი – გერმანია მომავალშიც, ახალი ფედერალური მთავრობის პირობებში, დარჩება სანდო პარტნიორი, რომელიც საქართველოს მის ევროპულ გზაზე გაუძღვება

გერმანიის გაერთიანებიდან 31 წლის შემდეგ გამოწვევები, რომელთა წინაშეც გერმანია, საქართველო და ევროპა დგანან, არ შემცირებულა – გერმანია მომავალშიც, ახალი ფედერალური მთავრობის პირობებში, დარჩება სანდო პარტნიორი, რომელიც საქართველოს მის ევროპულ გზაზე გაუძღვება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ელჩის თქმით, გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელია სოლიდარობისა და კომპრომისებზე წასვლის უნარი.

„ძვირფასო მეგობრებო და პარტნიორებო, ძვირფასო თანამემამულენო, 3 ოქტომბერს ვზეიმობთ გერმანიის გაერთიანებას, რომელმაც დაასრულა ქვეყნის ათობით წლების განმავლობაში არსებული გაყოფა და მთელ გერმანიას თავისუფლება და დემოკრატია მოუტანა.

ერთობის სურვილი განსაკუთრებით გვაერთიანებს საქართველოსთან. ჩვენ ყველამ ვიცით: ერთობა არის არა მხოლოდ ტერიტორიული საკითხი, თავისუფალ და მრავალფეროვან საზოგადოებაში აუცილებელია მისი მუდმივად დაცვა და ისევ და ისევ მისთვის ბრძოლა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია არჩევნების მეორე დღეს, როდესაც დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის ისევ ნათლად გამოჩნდა. ამიტომ ერთი წლის წინ მოვიწვიეთ ქართველი მწერლები, რომ დაფიქრებულიყვნენ მრავალფეროვნებისა და საერთო ღირებულებების შესახებ, ეფიქრათ ადამიანების თავებში არსებულ გამყოფ კედელზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება მათი დამსხვრევა.

მოხარული ვართ, რომ ახლა შევძელით ლიტერატურული პრემიის „ერთობის იდეა“ გამარჯვებულის არჩევა, გულითადად ვულოცავთ ლადო ფოჩხუას მის შთამბეჭდავ ნაწარმოებს „ენიკი ბენიკის“, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტს ეხება. გასულ წელს კორონავირუსმა გავლენა მოახდინა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, მაგრამ ასევე ვიხილეთ ეკონომიკისა და ტურისტული კავშირების აღდგენის იმედის მომცემი ნიშნებიც. პანდემიის დროს ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერეთ ჩვენი ფინანსური დახმარება და ამ იმედის მომცემ განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ. ასევე, გაუმჯობესდა ჩვენი თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის დაცვის კუთხით. გერმანულმა საერთაშორისო სკოლამ, გოეთეს ინსტიტუტმა და სხვა მრავალმა ორგანიზაციამ იპოვა შთამბეჭდავი, კრეატიული ფორმატები, რათა ამ გარემოებებშიც გაგრძელებულიყო ქართულ-გერმანული კავშირების გაძლიერება.

გერმანიის გაერთიანებიდან 31 წლის შემდეგ გამოწვევები, რომელთა წინაშეც გერმანია, საქართველო და ევროპა დგანან, არ შემცირებულა. მათ გადასაჭრელად, მათთან გასამკლავებლად აუცილებელია სოლიდარობისა და კომპრომისებზე წასვლის უნარი. გერმანია მომავალშიც ახალი ფედერალური მთავრობის პირობებში, დარჩება სანდო პარტნიორი, რომელიც საქართველოს მის ევროპულ გზაზე გაუძღვება. ყველას ვინც აქტიურად არის ჩართული ქართულ-გერმანულ თანამშრომლობაში, მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

banner
წინა სტატიაშიდოლიძე – სააკაშვილს აქვს გადაწყვეტილი, იყოს აქტიურ პოლიტიკაში
შემდეგი სტატიარიჟვაძე – სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს გაბედავს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას