გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრთან ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ამ პროცესში გერმანია მუდმივი მხარდამჭერი იქნება – დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრ სვენია შულცესთან შეხვედრისას სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

დავითაშვილის თქმით, საქართველოს გერმანიასთან აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური კუთხით.

„გერმანიასთან გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ეკონომიკის ბევრი მიმართულებით, მაგრამ ასევე გვაქვს განსაკუთრებული პოლიტიკური, მეგობრული და ახლო ურთიერთობა. გერმანია იყო ქვეყანა, რომელმაც პირველად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 90-იანი წლების დასაწყისში. შესაბამისად, ამ დროიდან მოყოლებული ჩვენ გვაქვს უნიკალური, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობა.

ჩვენი შეხვედრა შეეხო ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, დღესაც გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში განახლებადი ენერგიების შესახლებლობების განვითარებას და ამ კუთხით გერმანიის მხარდაჭერას. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ დამატებით მჭიდრო თანამშრომლობაზე ზოგადად საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, ენერგოუსაფრთხოების ასამაღლებლად რეგიონული კუთხით თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ რეგიონში მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ, მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს საქართველო. ვისაუბრეთ ასევე ფლაგმანური პროექტების შესახებ, რომელიც სააქართველოს და საქართველოს ელექტროსისტემებს დააკავშირებს ევროპასთან. ესაა მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილის განმარტებით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და იმას, რომ გერმანია ამ პროცესში იქნება საქართველოს მუდმივი მხარდამჭერი.

„საქართველომ მიიღო უმნიშვნელოვანესი შეფასება ევროკავშირის მხრიდან, ევროპული პერსპექტივის შესახებ, თუმცა ჩვენ ვართ მობილიზებული, რათა ის პირობები, რომელიც ევროკომისიამ და შემდეგ საბჭომ დაადასტურა, საქართველომ შეასრულოს დროის მოკლე პერიოდში, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამისთვის ევროპაში განწყობა არის და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება, რომ გერმანია მჭიდროდ დაუჭერს მხარს ამ მიმართულებით საქართველოს. გერმანია დაეხმარება მათ შორის იმ რეფორმების განხორციელებაში, თუ ჩვენ ამის საჭიროება გვექნება, გერმანიის მთავრობის მხრიდან არის სრული მზადყოფნა ამ პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, გერმანელ ხალხს და ქალბატონ სვენიას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

წინა სტატიაშიბაიდენი უკრაინას 800 მლნ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
შემდეგი სტატიაჩვენთვის სტრატეგიულ ამოცანად რჩება ევროპასთან ინტეგრაცია, საქართველო ძალას არ დაიშურებს, რათა გახდეს სრულფასოვანი წევრი – დავითაშვილი