გერმანიაში საქართველოს ელჩად ელგუჯა ხოკრიშვილი ინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად ელგუჯა ხოკრიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას აღნიშნული კანდიდატურის საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე. დღეს ხოკრიშვილს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის კანდიდატად წარდგენილი ელგუჯა ხოკრიშვილი 2014-2015 წლებში იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრი, ეკავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, შემდეგ კი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობა. ამჟამად ელგუჯა ხოკრიშვილი საქმიანობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიციაზე. ელგუჯა ხოკრიშვილს აქვს გერმანიაში აკადემიური საქმინობის დიდი გამოცდილება. 2002-2008 წლებში მოღვაწეობდა პოტსდამის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე. სხვადასხვა დროს საქმიანობდა როგორც ექსპერტი და პროექტის ხელმძღვანელი გერმანიის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებში.

ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ლადო ჭანტურიას შეცვლის, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში განაგრძობს მუშაობას.

banner
წინა სტატიაშიენის დეპარტამენტი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონით დაფინანსდება
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძე მუშაობას ჟენევაში გააგრძელებს