გერმანია, სამართალდამცავ სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას, სანიმუშოს უწოდებს

news
ავტ.: news სექტემბერი 3, 2016 13:01

გერმანია, სამართალდამცავ სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას, სანიმუშოს უწოდებს

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობით კმაყოფილია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილესთან ემილი ჰამბერთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კარგი დინამიკა.

მინისტრის მოადგილემ სანიმუშო უწოდა ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის პრაქტიკას, რაც მისი განცხადებით ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული გამოდგა.

ემილი ჰაბერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა და რეფორმები, რომელიც ქვეყანამ ევროპული ინტეგრაციის პროცესში განახორციელა, მან აღნიშნა, რომ გერმანია აფასებს საქართველოს პროგრესს ვიზალიბერალიზაციის პროცესში და დაინტერესებულია, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გერმანიასთან ურთიერთობის განსაკუთრებულ დინამიკას, რისი გამოხატულებაც არის მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიური გაცვლა, ასევე 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადება და ბევრი სხვა აქტივობა, რაც ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მან მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროკავშირის, ევროპული ოჯახის სანდო პარტნიორი და რეგიონში დემოკრატიული განვითარების საუკეთესო მაგალითი. მან ხაზი გაუსვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისა და ინსტიტუტების გაძლიერებაში.

გერმანულ მხარესთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა გერმანულ მხარეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე.

news
ავტ.: news სექტემბერი 3, 2016 13:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics