გერმანია-პოლიციას მიენიჭა უფლება, დეპორტაციას დაქვემდებარებული უცხოელები არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლების იმ შენობებში ეძებოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, არამედ სხვაგანაც

გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო კანონი, რომელიც ამკაცრებს ზომებს იმ უცხოელების დეპორტაციისთვის, რომლებსაც არ აქვთ გერმანიაში დარჩენის სამართლებრივი საფუძველი, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი კანონის მიზანია უზრუნველყოს, რომ მიგრანტებმა, რომლებსაც უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსზე, დატოვონ გერმანია და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში. ის ასევე ითვალისწინებს უფრო მკაცრ ჯარიმებს ადამიანების კონტრაბანდაში მონაწილე პირებისთვის.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის დეპორტაციის მოლოდინში არალეგალი ემიგრანტების დაკავების მაქსიმალური ვადის 10-დან 28 დღემდე გახანგრძლივება. გარდა ამისა, პოლიციას მიენიჭა უფლება, დეპორტაციას დაქვემდებარებული უცხოელები არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლების იმ შენობებში ეძებოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, არამედ სხვაგანაც. ეს ქმედებები ღამის საათებშიც დაიშვება, თავად დეპორტაციის შესახებ კი წინასწარ გაფრთხილება აღარ მოხდება. გამონაკლისი გათვალისწინებულია მხოლოდ 12 წლამდე ბავშვების მქონე ოჯახებისთვის.

ამასთან, სხვა საკითხებთან ერთად, კანონი თავშესაფრის მაძიებლებს საშუალებას აძლევს გერმანიაში ქვეყანაში ჩასვლიდან ექვსი თვის შემდეგ დასაქმდნენ. ადრე ეს შესაძლებელი იყო ცხრა თვის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშირობ ბაუერი: ნატოს ქვეყნების მშვიდობიანი მოსახლეობა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში, უნდა მოემზადოს რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო ომისთვის
შემდეგი სტატიაესტონეთის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამართლების გამო გააძევებენ