reuters-ის ინფორმაციით, გერმანია ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას მოითხოვს. ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 2-ტრილიონიან ბიუჯეტს ბერლინი არარეალისტურად მიიჩნევს.
როგორც ევროკავშირის უმსხვილესი კონტრიბუტორი, გერმანია შეშფოთებულია მომდევნო შვიდი წლის ბიუჯეტის მასშტაბით, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება მიმდინარე (2021-2027 წლების) 1.3-ტრილიონიან ბიუჯეტს. გერმანული მხარის გათვლებით, მათ მიერ მოთხოვნილი 400-მილიარდიანი შემცირების პირობებშიც კი, ახალი ბიუჯეტი 27%-ით მეტი იქნება არსებულზე, ხოლო გერმანიის ყოველწლიური შენატანი 50 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ფინანსური ჩარჩოს პირობები, რომელიც 27-ვე ქვეყნის ერთსულოვან თანხმობას საჭიროებს, წელსვე შეათანხმონ. მისი განმარტებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ 2028 წლის იანვრისთვის საკმარისი დრო დარჩეს დეტალების დასაგეგმად, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წელს საფრანგეთში, პოლონეთსა და იტალიაში არჩევნები იგეგმება.
















