14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

გერმანია და საფრანგეთი უკრაინისთვის ევროკავშირში „სიმბოლური“ გაწევრიანების ვარიანტებს განიხილავენ

Financial Times-ის ინფორაციით, გერმანია და საფრანგეთი უკრაინისთვის ევროკავშირში „სიმბოლური“ გაწევრიანების ვარიანტებს განიხილავენ.

გამოცემა გერმანიისა და საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსთან დაკავშირებით შემუშავებულ დოკუმენტებს გაეცნო.

ბერლინისა და პარიზის მიერ მომზადებული წინადადებები უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში „სიმბოლური“ შეღავათების მინიჭებას ითვალისწინებს და კიევისთვის სოფლის მეურნეობის სუბსიდიებზე წვდომასა და ხმის მიცემის უფლებას გამორიცხავს.

გერმანია მხარს უჭერს უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას, რაც გულისხმობს იმას, რომ კიევი მინისტრებისა და ლიდერების დონეზე შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ხმის მიცემის უფლება და ევროკავშირის საერთო ბიუჯეტზე წვდომა არ ექნება.

რაც შეეხება საფრანგეთს, პარიზი წევრობის ნაწილობრივ ფორმას „ინტეგრირებული სახელმწიფოს სტატუსს“ უწოდებს, რომლის მიხედვითაც საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკასა და ევროპულ დაფინანსებაზე წვდომა სრულ გაწევრიანებამდე გადავადდება.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირის წევრების უმრავლესობა შიშობს, რომ უკრაინისა და სხვა კანდიდატებისთვის დაჩქარებული წესით გაწევრიანება ბლოკის პოლიტიკურ დინამიკასა და წევრობის მნიშვნელობას ძირს გამოუთხრის.

ევროკომისიის მაღალჩინოსნებმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნეს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის მიერ მომზადებული დოკუმენტების შინაარსი ახლოს იქნება იმ წინადადებასთან, რასაც ევროკომისია კიევს წარუდგენს.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული ინტეგრაციის საკითხებში, ტარას კაჩკამ გამოცემას განუცხადა, რომ კიევი ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.

ჩვენ კონტაქტში ვართ [პარიზთან და ბერლინთან], ასევე სხვა დედაქალაქებთან და ყველაფერი ვითარდება. სხვა დოკუმენტებიც არსებობს“, – განაცხადა კაჩკამ.

ამასთან, ერთ-ერთი უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, „მათ უნდა გაიგონ, რომ უკრაინა სჭირდებათ“.

„თუ მათ რეალური უსაფრთხოება სურთ, მაშინ სამართლიანი შეთავაზება უნდა წარადგინონ“, – აღნიშნა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მშვიდობიანი შეკრების უფლება მკვეთრად შეიზღუდა – Amnesty International-ის ანგარიში
შემდეგი სტატიატრამპი – ირანთან შეთანხმება ისეთი იქნება, რითაც მთელი მსოფლიო იამაყებს