ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე გერმანელმა ევროპარლამენტარმა „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდის ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში საბჭოთა ტიპის ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებას ცდილობს.
ევროდეპუტატის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და ჟურნალისტების დაპატიმრება ხელისუფლების სასოწარკვეთასა და საკუთარი ხალხის შიშზე მიუთითებს.
„სწორედ ამის მოწმეები ვართ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა წარსულის აღდგენის უცნაურ რეჟიმზე გადავიდა: საგარეო ასპარეზზე — საქართველოს ევროპული მომავლისგან დაშორებით და კრემლის ორბიტაზე დაბრუნებით, ხოლო ქვეყნის შიგნით — საბჭოთა ტიპის ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნის მცდელობით. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ ერთი პრობლემა აქვს: თავად ქართველებს აღარ სურთ, კვლავ „ჰომო სოვეტიკუსებად“ იქცნენ“, — აღნიშნა ევროპარლამენტარმა.















