ძლიერი საქართველო – ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გენო თებიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრას უკრაინელ ბავშვებთან და აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძის გუნდი უკრაინელი მოზარდების რეაბილიტაციაზე ჯერ კიდევ 2017 წლიდან ზრუნავს.
თებიძის განმარტებით, პროექტი „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ ქართულ-უკრაინული ინიციატივაა, რომლის მიზანსაც საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრები მოზარდებისა და ვეტერანების შვილების ფსიქო-რეაბილიტაცია და დახმარება წარმოადგენს.
„ამ წლების განმავლობაში, მამუკა ხაზარაძის უშუალო ჩართულობით, უკრაინიდან ასობით ბავშვსა და მოზარდს ვუმასპინძლეთ საქართველოში და გავუწიეთ დახმარება. ამავე პერიოდში უკრაინაშიც ჰქონდა „ლელოს” ჰუმანიტარული მისია. ეს ისე ინფორმაციისთვის, საზოგადოებამ რომ დაინახოს რეალობა და სხვაობა – მაშინ, როცა „ქართული ოცნება” უკრაინელ ბავშვებს „ვერ ხედავდა”, ჩვენ ამას ვაკეთებდით“, — წერს გენო თებიძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, მრავალი წლის შემდეგ მმართველი გუნდის მხრიდან ამ თემით დაინტერესება დაგვიანებულია, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ქართულმა ოცნებამაც მოიცალა მათთვის“.















