გენერლის წოდებები არ გამაჩნია, მაგრამ ერს ერთგულად ვემსახურები – პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, მას გენერლის წოდებები არ აქვს, თუმცა ერს ერთგულად ემსახურება. ამის შესახებ მან ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ალექსანდრ გრიგორის ძეს (ლუკაშენკოს) არ სჭირდება, სხვა სახელმწიფოს მეთაურმა წოდება მიანიჭოს. ის თავადაა დიდი მოხელე. მე, როგორც იცით, გენერლის წოდება არ გამაჩნია, მაგრამ ერთგულად ვემსახურები ერს და მე სამხედრო წოდება… ისინი პირველ რიგში სამხედროებს სჭირდებათ. ხოლო ალექსანდრ გრიგორის ძე წინა ხაზზე მყოფ მხარეშია, მას ეს წოდებები უფრო სჭირდება ვიდრე მე. მაგრამ ამას ის თავად გადაწყვეტს”. – უპასუხა პუტინმა რუსი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა ლუკაშენკოს სიტყვებს, თითქოს რუსეთის პრეზიდენტი მას პოლკოვნიკის წოდებას დაჰპირდა.

პრესკონფერენციაზე ამ სიტყვებს ლუკაშენკოც გამოეხმაურა.

“ურიგო არ იქნებოდა მეც რომ ვყოფილიყავი პოლკოვნიკი, სიმართლე ისაა, რომ ის (პუტინი) მე ამას დამპირდა და ჯერაც არ მოუნიჭებია”. – გააწყვეტინა სიტყვა ლუკაშენკომ პუტინს, რაზეც, ამ უკანასკნელისგან, პასუხად მიიღო: “თუ პირობა დავდე, გავაკეთებ”.

თებერვალში ლუკაშენკო რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ პუტინი მას პოლკოვნიკის წოდებას დაჰპირდა და ჯერაც არ გადაუცია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში სავარაუდოდ 14 აპრილს გადმოასვენებენ
შემდეგი სტატიაშევთანხმდით, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების დელეგაცია უკრაინაში ერთად წავა – მანჯგალაძე