გენერალური შტაბის უფროსი დასავლეთ სარდლობაში შეხვედრებს განაგრძობს

ნატო-ს სტანდარტები და ბიუჯეტის ეფექტური გადანაწილება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებებია, – აღნიშნული განცხადება გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას გააკეთა.

როგორც „ინფო 9“-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გენერალური შტაბის უფროსმა შეხვედრები სენაკში, მეორე მსუბუქ ქვეით ბრიგადასა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში, ასევე ხონში, მეორე საარტილერიო ბრიგადაში გამართა.

ბრიგადის გენერალმა სამხედროებთან საუბრისას შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის ფარგლებში ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ მტკივნეული პროცესის მიუხედავად, ოპტიმიზაციის უმთავრეს მიზანს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება წარმოადგენს.

გენერალური შტაბის უფროსი სამხედრო პოლიციის დასავლეთ და აღმოსავლეთ ბატალიონებში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამხედრო პოლიციის ბატალიონებს სამხედრო ფუნქციები უძლიერდებათ და მათი დანიშნულება მხოლოდ პატრულირების განხორციელებითა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებით არ შემოიფარგლება.

გენერლის თქმით, მათ მოვალეობებს მობილურობის მხარდაჭერის რეკოგნოსირების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ლტოლვილთა ნაკადისა და ტყვეთა დაცვის კონტროლის ფუნქციები დაემატება, რაც თავისთავად სამხედრო ელემენტებს მოითხოვს.

ჩაჩიბაიას შეფასებით, რეფორმების შედეგად, შემცირდება სახელფასო და ადმინისტრაციული ფონდი, გამოთავისუფლებული სახსრები კი, სამხედრო პოტენციალის ამაღლებას მოხმარდება.

თავის მხრივ, დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა სამხედრო დანაყოფის ხელმძღვანელობამ გენერალ ჩაჩიბაიას სამხედრო ნაწილებში არსებული ვითარება დეტლურად გააცნეს და თავდაცვის უწყებაში დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანს ახალი მოადგილე ჰყავს
შემდეგი სტატიასკოლა-გიმნაზია “შავნაბადადან” მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა