გენერალი გოგი თათუხაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს

გენერალი გოგი თათუხაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს
გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში მცხოვრები გოგი თათუხაშვილის პ/ნ 12003000407

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

პირადად თქვენ, ბატონო გიორგი გახარია, ჩემი შვილის მკვლელობაში, მოწმეების გატაცება- წამებაში, საგამოძიებო მასალების, ნივთმტკიცებების ფალსიფიცირება-განადგურებაში პირდაპირი დამნაშავე არა ხართ. არ მიგიძღვით წვლილი, რადგანაც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრად არ მუშაობდით. თუმცა, აღნიშნული დანაშაულობების ,,სამართალმემკვიდრე’’ ბრძანდებით და ჩემთვის ქვემოთ მოყვანილ განცხადებაზე პასუხის გაუცემლობით, იმყარებთ დანაშაულში თანამონაწილის სტატუსს. საზოგადოებისათვის თქვენ უკვე ისედაც ბევრ კითხვაზე გაქვთ პასუხი გასაცემი. გირჩევთ, შალვას მკვლელობის საქმეში ნუ დაიდებთ წილს ! ჩემს განცხადებაში არაფერი საიდუმლო და უკანონო არაა მოთხოვნილი. შესაბამისად, პასუხი ადვილი გასაცემია. ნებისმიერი მინისტრი ამ გახმაურებულ საქმეზე მაქსიმუმ ერთ თვეში გამცემდა პასუხს.

როგორც რუსეთის მოქალაქე ნებართვას ელოდებით პუტინისა და ივანიშვილისგან?

ჩემს განცხადებაზე მივიღე თქვენი ძალიან მოკლე და გასხეპილი პასუხი (MIA61801744727) რომელსაც პასუხად არ ვთვლი და ისევ მოგმართავთ !

,,20/07/2018 ,, 909879 და 1699284 განცხადებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს 2018 წლის 1740695 და 2018 წლის 20 აპრილის 922591 წერილით გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ’’ პასუხს ხელს აწერს ადმინისტრაციის დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი თათია ცეცხლაძე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლამდე უნდა გაგეცნოთ მუხლი 79.

,, მუხლი 79. განცხადების რეგისტრაცია

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით რეგისტრაციაში გაატაროს განცხადება მიღების დღესვე და მიანიჭოს მას რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნითანავე დაუყოვნებლივ გაუგზავნოს(ან გადასცეს) განცხადების რეგისტრაციაში გატარების დადასტურება.’’

ჩემმა შვილმა როდესაც განცხადება მიიტანა, თქვენს ადმინისტრაციას უნდა გაეტარებია, მიენიჭებია ნომერი იმავე დღესვე. თქვენ რამდენიმე დღის შემდეგღა გაუგზავნეთ ნომერი. რამდენიმე დღე დაგჭირდათ გადასაწყვეტად მიგეღოთ თუ არა ჩემი წერილი განხილვაში ? უფრო სწორედ, იკითხეთ, შეათანხმეთ, კონსულტაციები გაიარეთ ?!

რაც შეეხება მთავარს, რასაც თქვენი პასუხი ეყრდნობა და რის თანახმადაც ჩემი წერილი საპასუხოდ გადაუგზავნეთ პროკურატურას – მუხლი მე-80 :

,,მუხლი 80. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების გადაგზავნა.

თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტარციულ ორგანოს.

თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსთვის განცხადების გადაგზავნისას დაუშვებელია რაიმე მოსაზრების წარდგენა განცხადებაში დასმული საკითხების გადაწყვეტის შესახებ.

განცხადებისა და მასზე დართული საბუთების უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით 2 დღის განმავლობაში წერილობით ეცნობა განმცხადებელს.

თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს დასჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.

განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც თუ პირმა კანონით დაგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.’’

გენერალურ პროკურატურას რაც შეეხება, მე თვითონ რამდენჯერმე გავუგზავნე განცხადება იმ საკითხების თხოვნით, რაც მათ კომპეტენციაში შედის.

თქვენ არ უნდა გადაგეგზავნათ პროკურატურისთვის, რადგანაც ჩემი შეკითხვები და მასალები, რომლებსაც მე ვითხოვდი თქვენგან, ეხებოდა უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს. თუ თქვენ არ იცით რომ ,,მოწმის დაცვის პროგრამის’’ სამსახური თქვენს განკარგულებაშია ? ვინ არის უფროსი და სად არის განლაგებული შენობა ? თუ არ იცით, მე დაგეხმარებით…

აქვე დავამატებ კიდევ ათ თხოვნა-მოთხოვნას :

1. მინდა ,,მოწმის დაცვის პროგრამის’’ სამსახურის შენობების ვიდეო კამერებიდან 25 თებერვლის დილის 04.00-12.00 სთ და 18/03/14 8.00-11.00 სთ პერიოდის მასალა. (დადგენილი მაქვს, რომ აღნიშნულ პერიოდებში ვიდეო კამერები ფუნქციონირებდა.)

2. ,,მოწმის დაცვის პროგრამის’’ სამსახურში უნდა შემდგარიყო შესაბამისი დოკუმენტაცია და გატარებულიყო სამსახურში არსებულ ჟურნალებში. თუ არ იცით რა დოკუმენტაცია დგება და სად ტარდება, დაგეხმარებით, მოგაწვდით ჩამონათვალს. გთხოვთ მომცეთ იმ დოკუმენტაციის ასლები. ჩემი მონაცემებით, შალვა საერთოდ არ იყო მოწმის დაცვის პროგრამაში ჩასმული და შესაბამისად არც მიმაგრებული ამ სამსახურზე. გამომდინარე აქედან, არც დოკუმენტები არსებებს.

3.პროკურატურის წერილი ოფიციალურ ბლანკზე ბეჭდით და ნომრით შალვა თათუხაშვილის ,,მოწმის დაცვის პროგრამაში’’ ჩასმის შესახებ.

4. რა ნომრით და როდის შემოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ,,მოწმის დაცვის პროგრამის’’ სამსახურში. ასევე შემოსული ფოსტის ,,ჟურნალში’’ გატარების ასლები.

5.შალვა თათუხაშვილის ოფიციალური თხოვნა-თანხმობა დაწერილი სპეციალურ ბლანკზე, ,,მოწმის დაცვის’’ პროგრამაში ჩასმის თაობაზე.

6. კონსპირაციული ბინის ხელშეკრულება, ფულის გადარიცხვის ქვითრები.

7.,,მოწმის დაცვის’’ პროგრამაში ჩასმულ პირს ყოველდღიურად ეძლევა 45 ლარი. შალვაზე რამდენია გაცემული და დამადასტურებელი საბუთები.

8.მოწმეს, ისე როგორც თანამშრომლებს, ყოველდღიური ხარჯებისთვის ეძლევა 15 ლარი. ამის დამადასტურებელი საბუთი.

9.ამონაწერი დაცვის პროგრამის ,,გრიფით საიდუმლო’’ შიდა ჟურნალიდან, სადაც რეგისტრირებულია შალვა თათუხაშვილი.

10.ოქმის ასლი ინსტრუქტაჟის ჩატარების შესახებ, სადაც აუხსნეს შალვას მისი უფლებება-მოვალეობები. რა საკვირველია, მისი ხელმოწერით.

და სხვა…

აქვე გაცნობებთ, რომ ,,მოწმის დაცვის პროგრამის’’ სამსახური არაფერ შუაშია, მაგათთან პრეტენზიები არა მაქვს. მათ დროდადრო ბოროტად იყენებდა გენერალური პროკურატურა. ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე დაისჯებიან ივანიშვილით დაწყებული და დამთავრებული თბილისის უბრალო პროკურორით ძნელაშვილით და გილაურით. სხვებთან, ვინც ირიბად ან პირდაპირ არის ჩარეული ამ საქმეში, არა მაქვს პრეტენზია, პირიქით, დავიცავ სასამართლოში. მე ვღებულობ და ვფლობ დიდ ოპერატიულ ინფორმაციას. მაქვს ბევრი მოწმის ჩვენებები, ჩემთვის ყველაფერი ნათელია … გთხოვთ პასუხი გამცეთ დროულად და პირადად.

P.S ქალბატონო თათია ცეცხლაძე, როდესაც ღებულობთ განცხადებას და პასუხზე აწერთ ხელს, ნება იბოძეთ და შეინახეთ უფროსების ბრძანება-რეკომენდაციები შესრულებაზე. სასამართლოში გამოგადგებათ. როგორც წესი, ხელს შემსრულებელს აწმენდენ !

პატივისცემით, გენერალ-ლეიტენანტი გოგი თათუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო მედიკამენტების ფასებზე რეგულაციების დაწესების აუცილებლობას ხედავს
შემდეგი სტატია„ეს სწავლება ჩვენი ერთობლივი ღირსეული პარტნიორობის სიმბოლოა“ – იზორია