გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბაზრის დაცვის სამსახურის უფროსი დაიკითხა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარის მორიგი მოწმე, შპს ,,ერთობის“ (ე.წ. სტამბოლის ბაზრის) დაცვის სამსახურის უფროსი დიმიტრი ჩხეიძე დაიკითხა.

დაცვის სამსახურის უფროსი ბაზრის დირექტორ მამუკა ცხოვრებაძის შემდეგ მეორე პირი იყო, ვინც მოკლული გენერალი საკუთარ კაბინეტში ნახა და პოლიციაში დარეკა.

ბაზრობის დაცვის სამსახურის უფროსმა, პროცესზე დეტალურად ისაუბრა 15 იანვრის საღამოს განვითარებულ მოვლენებზე და ადვოკატის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

როგორც დიმიტრი ჩხეიძემ დაკითხვისას განაცხადა, მას მამუკა ცხოვრებაძემ 15 იანვარს, დაახლოებით 16:53 წუთხე დაურეკა და ადმინისტრაციის შენობასთან სასწრაფოდ მისვლა სთხოვა.

„მამუკა ცხოვრებაძემ დამირეკა, ადმინისტრაციის შენობასთან მოდიო. ისეთი ხმა ჰქონდა, რომ რამდენიმე წამი დამჭირდა, სირბილით მივედი იქამდე. მისვლისას მითხრა, კაბინეტში ვიღაც არის და გილზები ყრია იქვეო. შევედი ადმინისტრაციის შენობაში, ბესოც(სამსონ ქუთათელაძის შვილი) შემოვიდა რომელიც ამავდროულად ურეკავდა სამსონს, მისი ტელეფონის ხმა კაბინეტიდან ისმოდა, შესვლისას რაც დაინახა ყვირილი დაიწყო. მე ვუთხარი, გამოდი გარეთო და პოლიციაში დავრეკე. შენობიდან, რომ გამოვედი, იქვე იდგა ჩემი მოადგილე დვალი და თანამშრომელი რეხვიაშვილი. რეხვიაშვილმა მოგვიანებით მითხრა, რომ დაინახა გიორგი ჭანტურია და სამსონ ქუთათელაძე ბაზრობის ადმინისტრაციულ შენობაში როგორ შევიდნენ ერთად“, – განაცხადა დიმიტრი ჩხეიძემ.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე ცდილობს იმ ლაფსუსების დაფარვას, რაც გამოძიების დროს იქნა დაშვებული

„ჩვენ ვიცით, რომ ამ საქმეში არიან „ჩადებული მოწმეები“ და ახლაც გზადაგზა ვხედავთ, რომ სხვა მოწმეებიც ცდილობენ როგორღაც გაამყარონ ამ ,,ჩადებულ მოწმეთა“ ჩვენებები. მოწმეები, სასამართლო პროცესზე, შემთხვევიდან თითქმის ერთი წლის თავზე იხსენებენ ისეთ გარემოებებს, რომელიც, შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ დაკითხვისას ნახსენებიც კი არ ჰქონდათ. ეს მიუთითებს ერთადერთ რამეზე, თავის დროზე, როდესაც ხდებოდა საქმის შეკერვა გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ, ლაფსუსები იქნა დაშვებული. ღიად, თეთრი ძაფით ნაკერი იყო შსს-ს მიერ წარმოებულ გამოძიებაში, რომ გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება მხოლოდ იმისთვის, რომ ის ყოფილიყო ,,განტევების ვაცი“ მოცემულ საქმეში და სრულიად უდანაშაულო ადამიანი მიცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.”- განაცხადა გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

პროკურორ ნიკოლოზ სანიკიძის მტკიცებით, მოწმეები პირდაპირ მიუთითებენ იმ მოტივებზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო მკვლელობის ჩადენის საფუძველი

„დღეს დაკითხული მოწმის ჩვენება და გამოკვლეული მტკიცებულებები, საკმაოდ მნიშვნელოვანია და არსებითია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის. ბრალდების მხარე შემდგომ პროცესებზე კვლავაც წარადგენს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც პირდაპირ და უტყუარად დაადასტურებენ ბრალდებულის ბრალეულობას. საქმეზე ასეულობით მოწმეა დაკითხული და გამოძიებამ მხოლოდ მას შემდეგ მიიღო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილება, რაც შეკრიბა საკმარისი მტკიცებულებები“, – განაცხადა პროკურორმა ნიკოლოზ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაში,,მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხშირად ვხდებით თავდასხმის ობიექტი”
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრი პარლამენტს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს