გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე – გიორგი ჭანტურიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას დაცვის მხარე ასაჩივრებს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე – საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გიორგი ჭანტურიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა.

დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას და ჭანტურიას გათავისუფლებას ითხოვს. უფლებადამცველის მტკიცებით, პროკურატურას ჭანტურიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს.

„საფუძველი არ ჰქონდა სასამართლოს, რომ პატიმრობაში დაეტოვებინა, მით უმეტეს, როდესაც განჩინება ჩაგვბარდა ჩვენ, აღნიშნული განჩინება არცერთ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, თუნდაც იმ ელემენტარულ სტანდარტს, იმ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, რომელიც არის, რომ შესაძლებელია მიემალება გამოძიებას, შესაძლებელია მოწმეებზე მოახდენს ზემოქმედებას და ა.შ. ეს საფრთხეები, რაც ბრალდების მხარიდან იყო წამოჭრილი სასამართლოზე, ფაქტობრივად, დაცვამ ეს გავაბათილეთ,“ – განაცხადა გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

გამოძიება დაკავებულს განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე გენერალი სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში და 4 დაშავებული – მთა თეთრობთან მიკროავტობუსი ხევში გადავარდა
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი აგონიურ მდგომარეობაშია – დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ბოდბელი ეპისკოპოსის ქადაგებას პასუხობენ