გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე – ყოფილი ბრალდებულის ოჯახის წევრებმა მანქანებში მოსასმენი აპარატურა იპოვეს

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე მოკლული ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია და მისი და, მარიამ ჭანტურია სამართალდამცველებს თვალთვალში ადანაშაულებენ.

როგორც მარიამ ჭანტურიამ განაცხადა, პოლიციაში ის არა სოსო ქუთათელაძის მკვლელობის, არამედ სხვა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს, თუმცა პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ, ეჭვი გაუჩნდა, რომ პოლიციაში მისი დაბარება სწორედ ქუთათელაძის საქმესთან იყო კავშირში.

„პოლიციაში რომ შევდიოდი, არაადეკვატურ კითხვებს მისვამდნენ, მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე, ამიტომ მაშინვე გარეთ გამოვიქეცი და დავინახე, ჩემს მანქანასთან იდგნენ პროკურატურის თანამშრომლები და ჩხრეკდნენ ავტომობილს. საჭის ქვედა ნაწილი იყო ჩამოშლილი. ავტომობილი დავკეტე, თუმცა რომ გამოვედი, კარი ღია დამხვდა“, – განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

გიორგი ჭანტურია ამტკიცებს, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ავტომობილიდან მოსასმენი აპარატურის ამოღებას ცდილობდნენ, რომელიც მისი დისა და მამამისის ავტომობილებში ცოტა ხნის წინ დაამონტაჟეს.

„ორი ნიღბიანი პირი ჩემს მანქანაში შემძვრალი იყო. მანქანა დაკეტილ მდგომარეობაში დავტოვე და საჭის ქვედა ნაწილი ჩამოტეხილი დამხვდა. არ ვიცი რა დანაშაულებრივ ნივთებს ცდილობენ რომ ჩადონ, რა მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟეს. ამასთან დაკავშირებით მინდა კიდევ გამოვთქვა, რომ ორი თვის უკან ჩამომართვეს მანქანა იმის გამო პატრულის ეკიპაჟმა რომ უკანა სანომრე ნიშნები დავკარგე და შესაბამისად ჩემი მანქანის გადაყვანა მოხდა საჯარიმოზე. ზუსტად ერთი კვირის წინ მამაჩემიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა. უკანა ნომრები დაკარგა და მისი მანქანის გადაყვანა მოხდა საჯარიმოზე. შესაბამისად გვაქვს ეჭვი, რომ სავარაუდოდ ჩააყენეს მოსასმენი აპარატურა და დღეს ცდილობდნენ ჩემი მანქანიდან ეს აპარატურა ამოეღოთ,“-განაცხადა გიორგი ჭანტურაიას დამ, მარიამ ჭანტურაიამ.

თავად გიორგი ჭანტურაია მომხდარს გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირებს. ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრების მანქანები იდენტური მიზეზით გადაიყვანეს საჯარიმო სადგომზე რაც საეჭვოა.

„მამაჩემი დაჯდა საჭესთან და დაახლოებით დაძვრიდან წუთიც კი არ იყო გასული, რომ პატრული აჩერებს გამიზნულს, რომ ჰგავს ყველაფერი და მამაჩემი გადმოდის და ხედავს რომ სანომრე ნიშანი მის მანქანას არ უკეთია. იგივე მოტივით გადაჰყავს მანქანა პატრულს. სამი-ოთხი დღე აჩერებენ და უბრუნებენ უკან მანქანას. ვარაუდობ, რომ ამ საქმეს უკავშირდება,“-განაცხადა გიორგი ჭანტურაიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ რომ ჭანტურაიების ოჯახის მიმართ სასამართლო განჩინების საფუძველზე ხორციელდებოდა თვალთვალი.

გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს. მკვლელობის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთს, ტრამპის თანაშემწეებს და WikiLeaks-ს დემოკრატებმა სასამართლოში უჩივლეს
შემდეგი სტატიაშსს – ერთ-ერთი მოწმის ავტომობილში ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა სასამართლოს განჩინებით 6 აპრილამდე ხორციელდებოდა