გენდერული საბჭო – ბოკუჩავა-პაპუაშვილის ინციდენტზე დადგინდა, რომ ქალის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

გენდერული საბჭოს წევრი საპარლამენტო უმრავლესობიდან ნინო წილოსანი აცხადებს, რომ სხდომათა დარბაზში თინა ბოკუჩავასა და შალვა პაპუაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე გენდერულმა საბჭომ იმსჯელა და დაადგინა, რომ ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

“თითოეული და ინდივიდუალური შემთხვევა საჭიროებს უფრო მეტ სიღრმისეულ განხილვას და ეს ვერ იქნება განხილული მხოლოდ გენდერული ჭრილით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამოგვევლინა თითოეულ ამ შემთხვევაში იყო თუ არა გენდერულად, სპეციალურად ქალის მიმართ მიმართული დისკრიმინაცია. საბჭომ იმსჯელა ამ თემაზე, განსხვავებით სხვა საბჭოებისგან და ჩვენ დავადგინეთ, რომ მიზანმიმართულად ქალის მიმართ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. თუმცა, მე ვისურვებდი, თითოეულ შემთხვევაში პარლამენტის ნებისმიერი წევრი, ეს იქნება ჩემი კოლეგა მმართველი გუნდიდან, თუ განსაკუთრებით ოპოზიციიდან, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან აგრესიით, პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების განვითარების მნიშვნელობას და იმ მაგალითს ნუ მისცემენ პარლამენტში, რომელიც შემდგომ არ უნდათ საზოგადოებამ გადააკოპიროს”, – განაცხადა წილოსანმა.

დაზუსტებაზე, კონკრეტულად რომელი საქმე განიხილა საბჭომ, წილოსანი აცხადებს, რომ საუბარია თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებულ ინციდენტზე.

მისივე თქმით, გენდერულ საბჭოს არ აქვს რეგლამენტით ვალდებულება ამ საკითხის განხილვა, თუმცა, რადგან ინციდენტის მონაწილე მხარე ქალი იყო, მიზანშეწონილად ჩათვალა ემსჯელა საკითხზე. ცნობისთვის, ინციდენტი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაშინ მოხდა, როცა დეპუტატებს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ. ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. საკითხის განხილვა ბოკუჩავამ ეთიკის საბჭოში მოითხოვა, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ეთიკის საბჭოს რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში “საჯარო ხელოვნების ფონდი” დაფუძნდება
შემდეგი სტატიაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 986 729 აცრაა ჩატარებული