(video) რა გახადა 46 წლის ეკატერინე პეტრიაშვილის გარდაცვალების მიზეზი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 21 აპრილს მომხდარი კონფლიქტიდან რამდენიმე წუთში სოციალურად დაუცველი, 46 წლის ეკატერინე პეტრიაშვილი ავად გახდა და გარდაიცვალა. სიტყვიერი დაპირისპირება ეკატერინე პეტრიაშვილსა და გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტს მანანა ჯანჯიბუხაშვილს შორის მოხდა. მარტოხელა ეკატერინე პეტრიაშვილი გამგეობაში მედიკამენტების შესაძენად აუცილებელი 100 ლარის გამოყოფის სათხოვნელად იყო მისული.

ველისციხეში მცხოვრებმა ეკატერინე პეტრიაშვილმა 21 აპრილს სოფელში გამგებლის წარმომადგენელს ნუკრი ბახლიშვილს მიმართა და შუამდგომლობა სთხოვა, რომ გამგეობას მისთვის ერთჯერადი სოციალური დახმარება გაეწია.

შუამდგომლობის მიღების შემდეგ ეკატერინე პეტრიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ სამსახურს მიმართა.

მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 1 370 400 ლარია გამოყოფილი. აქედან, 470 ათასი ლარი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისთვის არის გათვალისწინებული.

ეკატერინე პეტრიაშვილს მკურნალობის ერთი კურსისთვის აუცილებელი მედიკამენტების შესაძენად მინიმუმ 170 ლარი სჭირდებოდა, თუმცა როგორც გამგეობაში განმარტეს, ისინი ერთ მოქალაქეს მაქსიმუმ 100 ლარის ფარგლებში ეხმარებიან. ეკატერინე პეტრიაშვილს 70 ლარით დახმარებას დაპირდნენ. სოციალურად დაუცველი მარტოხელა ქალბატონი გადარიცხვამდე თანხის 100 ლარამდე გაზრდას ითხოვდა, რამაც გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტის მანანა ჯანჯიბუხაშვილის გაღიზიანება გამოიწვია.

მანანა ჯანჯიბუხაშვილმა ეკატერინე პეტრიაშვილს ჯერ სამუშაო ოთახში, შემდეგ კი გარეთ, გამგეობის კორიდორში უყვირა და თვითმხილველების ინფორმაციით, არაერთხელ მათხოვარი უწოდა. თვითმხილველების თქმით, ჯანჯიბუხაშვილი იმდენად მაღალ ხმაზე ყვიროდა, რომ სამუშაო ოთახებიდან გამგეობის სხვა თანამშრომლებიც გამოვიდნენ, თუმცა ის ვერავინ შეაჩერა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ–ერთმა თვითმხილველმა კონფლიქტის ამსახველი მტკიცებულება მოაწოდა, რომლის ნაწილსაც ვაქვეყნებთ აუდიომასალის სახით.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი, კახეთის გუბერნატორის მიერ სოციალურად დაუცველი ადამიანების შრომით გამოყენების ფაქტებს იხსენებს და კიდევ ერთი გარდაცვლილის, ნუგზარ ჯინაშვილის, ისტორიას გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ყვება.

გელა მთივლიშვილის მტკიცებით, ეს მოქალაქე სამუშაო საათებში გარდაიცვალა, თუმცა ასრულებდა არასამსახურეობრივ საქმეს.

“მას 200 ლარი ჰქონდა ხელფასი და იმისათვის, რომ ეს სამსახური არ დაეკარგა, მას შემდეგ, რაც ქუჩას დაალაგებდა, უნდა წასულიყო და ემუშავა გუბერნატორის მამის ნაკვეთებში მთელი დღის განმავლობაში. ეს ნათელს ხდის, როგორი დამოკიდებულება აქვთ საჯარო მოსამსახურეებს სოციალურად დაუცველი პირების მიმართ. ეს ადამიანი, რომელსაც ასე ამუშავებდნენ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. საუბარი მაქვს ნუგზარ ჯინაშვილზე. ეს ამბავი მოხდა 2013 წლის 23 ოქტომბერს. ეს ადამიანი გარდაიცვალა სამუშაო საათებში მაშინ, როცა სამსახურიდან სხვა საქმეზე იყო წასული ხელმძღვანელების დავალებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებაც კი არ დაუწყია,“ – განაცხადა გელა მთივლიშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ასეთი ფაქტები ბევრი იყოს, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.

„ასეთი ფაქტები სხვაც იქნება, დაუსჯელობის სინდრომი კი მოქალაქეების მიმართ უქმნის საფუძველს იმას, რომ ასე მოექცნენ სოციალურად დაუცველ ადამიანებს,“ – განაცხადა გელა მთივლიშვილმა.

https://youtu.be/Yz_etH_RTBU

 

banner
წინა სტატიაში(video) ელენე გოგსაძე –”პური მენატრება”
შემდეგი სტატია(video) ამომრჩეველი არჩევნების წინ საბოლოოდ დაშორდა პოლიტიკურ ელიტას