კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა. გეგელიას თქმით, ზახაროვას სიტყვები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკამ ქვეყანა რუსულ ორბიტაზე დააბრუნა.
„ზახაროვა, ფაშისტური რეჟიმის პროპაგანდისტი შავით თეთრზე, ძალიან მკაფიოდ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ყველა ვამბობთ და ვხედავთ: `ქოცური~ რეჟიმის მმართველობის პირობებში საქართველო არის განუზომლად უფრო მეტად ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე და მიბმული პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის ფაშისტურ ფედერაციაზე“, — აცხადებს გეგელია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივის შესუსტების პარალელურად, საგანგაშოდ იზრდება მოსკოვზე ეკონომიკური მიჯაჭვულობა, რაც კონკრეტულ ციფრებშიც აისახება.
„ყველაფერი რაც შემცირდა ევროატლანტიკური მიმართულებით, გაიზარდა რუსულ-დსთ-ური მიმართულებით. `ძლიერი საქართველო~ ამაზე საუბრობს უკვე რამდენიმე წელია. მათ შორის, იმ მონაცემებით, რაც ევროპულმა პარლამენტმა გამოაქვეყნა, როდესაც გამოჩნდა, რომ 2016-2022 წლებში განახევრდა ვაჭრობა ევროპულ კავშირთან და იმავე ექვსწლიან პერიოდში გაორმაგდა ვაჭრობა რუსეთთან და დსთ-ს სივრცესთან.
ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ამ რუსული, სამარცხვინო, ანტიქართული რეჟიმის პირობებში, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველო გამხდარიყო მაჩანჩალა სახელმწიფო, რომელიც სრულად არის მიბმული რუსულ ჩამყაყებულ ორბიტას“, — აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.















