„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია აზერბაიჯანის მიერ ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
„ლელო – ძლიერი საქართველო“ იზიარებს და მხარს უჭერს საპატრიარქოს მიერ დასმულ შეკითხვებს ისტორიულ ჰერეთში მდებარე ქურმუხის ტაძრის სამუშაოებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქოს ეს კითხვები ეფუძნებოდა როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, ასევე ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობის გააზრებას.
სამწუხაროდ, თანაბარ პატივისცემას და გააზრებას ვერ ვხედავთ აზერბაიჯანის განცხადებაში, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს იმასაც კი, თუ რატომ მოიხსენიებს საპატრიარქო ამ ტაძარს ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიად რაც მას სულ მცირე 1310 წლიდან ჰქვია.
ვაფასებთ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან და აზერბაიჯანელ ხალხთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას. თუმცა, მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ მეგობრობა არ უნდა იყოს და ვერ იქნება ცალმხრივი. მეგობრობა და პარტნიორობა არ შეიძლება ნიშნავდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დასმულ კითხვებზე უარის თქმას და ჩვენთვის მიუღებელი ტონით საუბარს.
ნორმალურ შემთხვევაში, მსგავსი კითხვები არ შეიძლება ხდებოდეს მეზობლებს შორის ამგვარი საუბრის საფუძველი. და თუ დღეს ეს ვინმესთვის დასაშვები ან მისაღები გახდა, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს საერთაშორისო პოზიციების დასუსტების, ჩვენი სუვერენიტეტის დაქვეითების და თანასწორი მოთამაშის პოზიციიდან ქვეყნის ვასალურ პოზიციაში გადაყვანის პირდაპირი შედეგი.
შედეგად, ამ რეჟიმის მიერ შექმნილ რეალობაში სულ უფრო გახშირდა დამამცირებელი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ და სავსებით არ არის გასაკვირი, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვერ იცავს საკუთარ სუვერენულ პოზიციას ვერცერთი მიმართულებით.
რასაკვირველია, გელათის დამანგრეველი და საყდრისის ამფეთქებელი რეჟიმისგან ვერ გვექნება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ვერავითარი მოლოდინი. საზოგადოებას კარგად ახსოვს ისიც, რომ ხელისუფლებას, რომლებიც წლების განმავლობაში ბოროტად მანიპულირებდა დავით გარეჯის საკითხით, დღემდე არ უთქვამს საზოგადოებისთვის, თუ რას მიაღწია ამ მიმართულებით გარდა პროპაგანდისტული ბაქიბუქისა.
თუმცა, ოფიციალური ბაქოს მხრიდან საქართველოს საპატრიარქოს მისამართით გამოთქმული პრეტენზია, კიდევ ერთხელ გვახსენებს ხელისუფლებების მიერ ეროვნული ინტერესების მკაფიოდ დაცვის მნიშვნელობას, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წლებია არ და ვერ აკეთებს.
„ლელო“ მიესალმება სტრატეგიული პარტნიორობას და მეგობრობას, თუმცა არა საკუთარი ეროვნული ღირსებისა და პოზიციების დათმობის ხარჯზე.
მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩვენი მხარდაჭერა საპატრიარქოს მიერ დასმული მნიშვნელოვანი კითხვების მიმართ და ვიქონიო იმედი რომ აზერბაიჯანი ადეკვატურ პასუხს გაგვცემს ყველა ამ კითხვაზე“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.








