გეგელია:  საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ევროპისა და აშშ-ს კარი დაიხუროს

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ვენეციის კომისიის უმკაცრესი დასკვნა შეუძლებელს ხდის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ევროპისა და აშშ-ს კარი დაიხუროს და რისკის ქვეშ დადგეს ყველა ის მონაპოვარი, რაც ჩვენს სახელმწიფოს ათწლეულების განმავლობაში ჰქონია.

რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოსთვის დაიხუროს ევროპისა და აშშ-ს კარი, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა არათუ ვერ ისარგებლოს ახალი შესაძლებლობებით, არამედ ის მიღწევებიც კი დაკარგოს, რაც ჩვენმა სახელმწიფომ უძვირეს ფასად მოიპოვა.

1. ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც წარმოადგენს უმკაცრეს შესაძლო განაჩენს რუსულ კანონთან დაკავშირებით, შეუძლებელს ხდის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას.

2. ამავე დროს, საგანგაშოა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ქმნის იმის საფუძველს, რომ ევროპულმა კომისიამ დაიწყოს მსჯელობა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე რადგან დასკვნის მიხედვით დარღვეულია მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც საქართველოს აღებული აქვს ევოიპული კონვენციით და რომლის დაცვაც წარმოადგენს ვიზალიბერალიზაციის ერთერთ უმთავრეს წინაპირობას და მოთხოვნას.

3. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ისიც, რომ გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის რამდენიმე ელჩის, და მათ შორის გერმანიის ელჩის განცხადება, რომლის თანახმად ამ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოები არ დაუჭერენ მხარს საქართველოს მიერ წევრობის მოლაპარაკებების გახსნას.

4. მაშინ როდესაც ჩვენი პარტნიორები, მოლდოვა და უკრაინა წინ მიდიან, მოლდოვამ ევროკავშირთან თავდაცვის თანამშრომლობას მოაწერა ხელი, ბრიუსელიდან კი ვისმენთ, რომ ივნისის ბოლოს ამ ორი სახელმწიფოსთვის, მოლდოვასთვის და უკრაინისთვის გაიხსნება მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, სად არის ამ დროს საქართველო? რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა არათუ წინ არ წაიყვანა, არამედ ამ ხელისუფლებამ რისკის ქვეშ დააყენა ყველა ის მონაპოვარი, რაც ჩვენს სახელმწიფოს ათწლეულების განმავლობაში ჰქონია”, – განაცხადა გეგელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს – ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.

დასკვნაში საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

 

 

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი: კრემლიდან ნაკარნახევი კანონით საქართველოს EU–ში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს
შემდეგი სტატიადასკვნა გამოქვეყნებამდე პირველს “ოცნებას” გადაეგზავნა, რატომ ვერ დაიცვეს თავისი პოზიცია? – ნაცვლიშვილი